ვინ იყო ესპანეთის მეფის ქართველი მეგობარი – ზურაბ ჩხოტუას ისტორია

მალიორკაზე ზურაბ ჩხოტუას იცნობდნენ, როგორც თავად ჩხოტუას, თუმცა მისი მეგობრები, მეფე ხუან კარლოსის ჩათვლით, მას მოფერებით ზუს (Zou) უწოდებდნენ. ამ მეტსახელით მოიხსენიებდნენ ჟურნალისტებიც.

მალიორკის საზოგადოებას ყოველთვის აინტერესებდა მეფის მეგობარი პრინცის ცხოვრება, ხშირად ხედავდნენ მას თავის მოტორიან ნავ „ზღვის შევარდენზე“ ან ავტორბოლის მონაწილეებს შორის.

როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, თავადი ჩხოტუა ფლობდა „ფერარის“ შესანიშნავ კოლექციას. 1959 წლიდან 1964 წლამდე მონაწილეობდა სხვადასხვა ტურნირებსა და ჩემპიონატებზე: “FERRARI 250 GTO”, “SHELBY COBRA”,“ ALFA ROMEO GIULIETTA”-ზე და სხვა.

ზურაბ ჩხოტუა ნიკი ჩხოტუასა და ქეროლ მარმონის ვაჟი გახლდათ. მათ ოჯახში ექვსი შვილი იზრდებოდა. ზურაბი რიგით მეორე იყო. დაიბადა 1937 წლის 20 სექტემბერს, სან-ფრანცისკოში. 8 წლის რომ შესრულდა, მამამ შვეიცარიაში, ფრაიბურგის სკოლა-ინტერნატში გააგზავნა. 1954 წელს ჩხოტუების მთელი ოჯახიც გადავიდა საცხოვრებლად შვეიცარიაში.

ლოზანაში ზურაბმა გაიცნო პრინცი ხუან-კარლოს დე ბურბონი, რომელსაც იმხანად მეურვეობას ბებია – დედოფალი ვიქტორია-ევგენია უწევდა. ახალგაზრდები ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ, ერთად აღნიშნავდნენ მნიშვნელოვან მოვლენებს, ესწრებოდნენ საზეიმო წვეულებებს, თავყრილობებს, რამაც შედეგად საფუძველი ჩაუყარა მათ ხანგრძლივ, მტკიცე მეგობრობას.

1965 წელს ზურაბ ჩხოტუა პალმა დე მალიორკაში ჩავიდა და მყისვე მიიპყრო ადგილობრივი საზოგადოების ყურადღება. ჭაბუკმა სწრაფად გაითქვა სახელი ევროპულ არისტოკრატიას შორის და მალევე დაუახლოვდა ქალბატონ მარიეტა სალას ზაფორტეზას, ცნობილი ბიზნესმენის, პედრო სალასის ერთადერთ ქალიშვილს. მარიეტას დედა – კარმენ ზაფორტეზაც კუნძულის ერთ-ერთი გამორჩეული ოჯახის შვილი გახლდათ, რომელიც დიდძალ ქონებას ფლობდა.

ახალგაზრდებმა  1974 წლის აგვისტოს თვეში დაიწერეს ჯვარი პალმის ტაძარში (La Seu). მათი ქორწილი პალმა დე მალიორკაზე ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა.

1976 წელს, მათი ერთადერთი შვილის, იგორის დაბადების შემდეგ წყვილი დასახლდა სონ-ვიდეს უმშვენიერეს სასახლეში. ოჯახი  დიდ დროს ატარებდა თავიანთ რანჩოში, კალიფორნიაში, სადაც მარიეტამ განთქმული სუფთა ჯიშის არაბული ცხენები მოაშენა.

წყვილმა ერთად 30 წელზე მეტხანს იცხოვრა. განქორწინდნენ 2000-იან წლებში. მარიეტა სალასი მალიორკაზე დარჩა, მაგრამ საცხოვრებლად სპორლესში გადაინაცვლა, Ses Planes-ის სასახლეში.

მარიეტას მამამთილთან ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. სწორედ მან და ნიკი ჩხოტუას მდივანმა – ოლგა ფონ დენმა ჩამოიტანეს 1988 წელს ურნა ნიკის დაფერფლილი გულით თბილისში და ჩუმად დაკრძალეს დედისა და დის გვერდით ერთ საფლავში, ვერაზე.

ზურაბ ჩხოტუას საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენდა საერთაშორისო ვაჭრობა. ბიზნესის მიმართ ცოცხალი ინტერესი მან ჯერ კიდევ უნივერსიტეტში გამოავლინა, სადაც ეკონომიკის საფუძვლებს ეუფლებოდა. შემდეგ კი დააარსა სამშენებლო კომპანია „Portofornells”, რომლის მეშვეობითაც ახორციელებდა მსხვილ პროექტებს.

თავადმა ჩხოტუამ თავისი წვლილი შეიტანა Barreiros de Sol de Mallorca” და “Casino”-ს მშენებლობაში, რომლებიც 1970-იანი წლების მალიორკის სიმბოლოებად მიიჩნევა. მისი ერთ-ერთი ბოლო პროექტი მალიორკაზე კი იყო “Dorint-Hotel”(დღეს-„Staigenbergeri”).

ზურაბ ჩხოტუას ეკუთვნოდა, აგრეთვე, გოლფ-კურორტის შექმნის იდეა კამპ დე მარში. იგი თავად გახლდათ გოლფ-კლუბის პრეზიდენტი. აქ აშენებული 18-გოლიანი გოლფის მინდორი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოედანია ესპანეთში.

1980-იანი წლების დასასრულს ზურაბ ჩხოტუამ მალიორკა დატოვა. მას შემდეგ საცხოვრებელი ადგილი რამდენჯერმე შეიცვალა. ცხოვრობდა ხან შვეიცარიაში, ხან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბოლოს კი დამკვიდრდა მაროკოში, სადაც ყოფილმა მეფემ, ჰასან II-მ თავშესაფარი მისცა და დაასაქმა. მაროკოშივე დაუმეგობრდა იგი მონარქ მუჰამედ VI-ს.

ზურაბ ჩხოტუა გარდაიცვალა 2019 წლის 18 ივლისს რაბათში (მაროკო). ანდერძის თანახმად, დაკრძალეს ჟენევაში, თავისი მშობლების გვერდით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები