“სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ ოკუპაცია დაადგინა” – პაპუაშვილი

“რაც შეეხება რუსეთს, ეს გახლავთ დეოკუპაციის საკითხი, რაც შეეხება ოსებთან ურთიერთობას, ეს არის შერიგების საკითხი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, “ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ აღიარებულ იქნა რუსეთის მიერ ჩვენი ორი ტერიტორიის ოკუპაცია.

“სტრასბურგში მიგდებული საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ იყო, რომელიც განწირული იყო წაგებისთვის, ისევე როგორც ჰააგაში. შეგახსენებთ, მტკიცებულებებიც კი არ ჰქონდათ მიტანილი; „ისკანდერის“ ნაწილები, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იყო, გაატანეს ამერიკელებს და 2017 წელს დააბრუნა საქართველომ. მადლობა, რომ აშშ-ის მთავრობამ დაგვიბრუნა ეს ნაწილები, რადგან მტკიცებულება იყო იმ ომის დანაშაულების, რომელიც ჩადენილი იყო. სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ ოკუპაცია დაადგინა.

ვერ ხვდებით, რამხელა ჭრილობა აქვს მიყენებული ქართველ, ოსს და აფხაზ ხალხს. ჩვენ ვსაუბრობთ ხალხებზე. ურევთ თქვენ ომის დამნაშავეებს, რომლებიც მართლმსაჯულების წინაშე აგებენ პასუხს. ომის დამნაშავეებს ეძახით ოს ხალხს. ის ადამიანები კონკრეტულად არიან ომის დამნაშავეები და პასუხს აგებენ მართლმსაჯულების წინაშე ისევე, როგორც ჩვენ მივაღწიეთ, რომ ჰააგის სასამართლომ დაკავების ორდერი გამოსცა მაშინდელი ე.წ. ოსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ, ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, იზოლატორის ხელმძღვანელის წინააღმდეგ. ასე დაისჯება ყველა ომის დამნაშავე.

ორი დღეა, ოპოზიციური მედია, „ენჯეოები“ და ოპოზიცია ოს ხალხს ეძახიან მკვლელებს, ომის დამნაშავეებს. ამაზე მეტი შუღლის გაღვივება რა უნდა იყოს. ამას აკეთებენ „ენჯეოები“, რომლებმაც ზუსტად ასე, აღრევით, თითქოს საუბარია ომის დამნაშავეებზე და კიდევ ერთხელ სპეკულირებით და ამოფარებით ჩვენი გმირების სახელების უკან, ელემენტარულ ჭეშმარიტებებს აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ. ელემენტარული ჭეშმარიტება არის, რომ არ არსებობს მიზანი იმაზე მაღალი, ვიდრე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები