რობერტო მარტინესი: საქართველომ ითამაშა იმისთვის, რომ ისტორია დაეწერა
საქართველომ ითამაშა იმისთვის, რომ ისტორია დაეწერა, – ამის შესახებ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის დამარცხების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა.
“შეხვედრა ძალიან დაბალი ინტენსივობით დავიწყეთ. გოლი მალე გავუშვით, რაც ასე ძალიან სჭირდებოდა საქართველოს ნაკრებს.
აღსანიშნავია, რომ მეკარე მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა. შევეცადეთ გოლი გაგვეტანა, მაგრამ ვერ შევძელით, ამით მათ თავდაჯერება შეიძინეს. საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა!
ჩვენ ვიმუშავეთ დაცვის სტრუქტურა, გვინდოდა მათი კონტრშეტევები შეგვეჩერებინა. გოლის ადრე გაშვებამ ჩვენს რწმენაში ეჭვი შეიტანა. რამდენიმე ფეხბურთელი დავასვენე, რათა მერვედფინალისთვის მოემზადონ. საქართველომ თავისი ძალა და ენერგია აჩვენა. მეტი ინტენსივობა გვჭირდება. ეს იყო მატჩი, სადაც საქართველომ ითამაშა იმისთვის, რომ ისტორია დაეწერა – მათთვის ეს პირველი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი იყო”, – განაცხადა მარტინესმა, რომლის კომენტარსაც „სპორტალი“ ავრცელებს.