მაჭავარიანი – სალომე ზურაბიშვილზე: ვიღაცამ უნდა უთხრას, რომ გვესმის თქვენი ემოციური ფონი, მაგრამ უნდა შეეგუოთ, რომ 29-ში თქვენ აღარ იქნებით პრეზიდენტი
“ვიღაცამ უნდა უთხრას, რომ გვესმის თქვენი ემოციური ფონი, მაგრამ უნდა შეეგუოთ, რომ 29-ში თქვენ აღარ იქნებით პრეზიდენტი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.
ის ზურაბიშვილსა და ოპოზიციას შორის დღეს დაგეგმილ შეხვედრას ეხმაურება.
“ვინ მისცა მათ რაიმე ტიპის ლეგიტიმაცია, რომ ზოგადად განიხილავენ ასეთ თემებს, ეს არის ჩვეულებრივად საბავშვო ბაღი, რაღაც სახლობანას თუ შტაბობანას თამაშს ჰგავს.
ის, რომ ვიღაცამ ახალი არჩევნები გადაწყვიტოს და იქ რაღაცები იმსჯელონ – აბსოლუტური სისულელეა. ქალბატონი ზურაბიშვილის ემოციური ფონი ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, შევდივართ მის მდგომარეობაში, ქალბატონია, ასაკშია. რამდენი ხანი უნდა იცხოვროს ამ ქალბატონმა ამ პარალელურ სამყაროში, რომ გვიცხადებს პირდაპირ, რომ მაინც მე ვიქნები საქართველოს პრეზიდენტიო, ორი პრეზიდენტი წარმოუდგენია რომ ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას და იმ თარიღსაც არ ასახელებს როდემდე იქნება, სანამ ცოცხალი ვიქნები უნდა ვიყო საქართველოს პრეზიდენტიო.
ვიღაცამ უნდა უთხრას, რომ გვესმის თქვენი ემოციური ფონი, მაგრამ უნდა შეეგუოთ, რომ 29-ში თქვენ აღარ იქნებით პრეზიდენტი”, – აღნიშნა მაჭავარიანმა.