ადგილები თბილისსა და რეგიონებში, სადაც ქომაგები საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე გადამწყვეტი თამაშის ხილვას შეძლებენ

დღევანდელი, ისტორიული მატჩისთვის საქართველოშიც ემზადებიან. ეროვნულ ნაკრებს გულშემატკივრობენ არა მხოლოდ გერმანიაში წასული ქომაგები, არამედ საქართველოშიც. ქვეყნის მასშტაბით დიდი მზადებაა 23:00 საათისთვის დაგეგმილი.

ამ დროისთვის მოწყობილია სპეციალური სივრცეები, სადაც გულშემატკივარი მატჩის ყურებას დიდ ეკრანზე შეძლებს. თბილისში მთავარი ეპიცენტრი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონია.

ასევე, ქვეყნის მასშტაბით დიდ ქალაქებში მოწყობილია საგულშემატკივრო სივრცეები. რუსთავში ასეთი ადგილი ცენტრალური პარკი იქნება. თამაშამდე, 21:00 საათიდან მაყურებლებისთვის დაუკრავს DJ და ელექტრონული მუსიკის ფონზე დაელოდებიან მთავარ მატჩს.

მცხეთაში მატჩის ჩვენება სვეტიცხოვლის სახელობის მოედანზე გაიმართება. ჩვენება, ასევე, დაგეგმილია მხარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც: დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში.

საფეხბურთო მატჩის ჩვენება ორ ადგილას გაიმართება ბათუმში: სტადიონთან და ანბანის კოშკთან. ბათუმის მერიის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ჩვენებაზე მისულ გულშემატკივრებს მუნიციპალური ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება.

გორში ფეხბურთის ყურება თეატრის სკვერში იქნება შესაძლებელი. მატჩამდე ჩატარდება სხვადასხვა ტიპის სპორტული აქტივობები, ვიქტორინა. გულშემატკივრების განწყობაზე DJ იზრუნებს.

კახეთშიც მობილიზებულები არიან მუნიციპალიტეტები. მაგალითად, ლაგოდეხში ჩვენება რანის საფეხბურთო მოედანზე გაიმართება. მატჩამდე გულშემატკივარი ნახავს ეროვნული ნაკრების განსაკუთრებული მომენტების ნაკრებს. ასევე ადგილობრივი მეწარმეები თავიანთ პროდუქციას წარმოადგენენ.
გურჯაანში ჩვენება ცენტრალურ პარკში გაიმართება.
პირდაპირ ტრანსლაციას ცენტრალურ მოედანზე შემოგვთავაზებს თელავიც. 21:00 საათიდან საღამოს მუსიკალურად DJ გააფორმებს,. წარმოდგენილი იქნება კვების ობიექტები.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია მაყურებელს დახურულ სივრცეში, კულტურის სახლის დიდ დარბაზში უმასპინძლებს.
რაც შეეხება სიღნაღს, ამინდის გაუარესების გამო თამაშის პირდაპირი ტრანსლირება თეატრის დარბაზში გადაინაცვლებს.
ყვარელში მატჩის ჩვენების ლოკაცია სასპორტო სკოლის დარბაზია. 22 საათიდან – 00:30 საათამდე, გულშემატკივრებს შესაძლებლობა მიეცემათ, ჩემპიონატის მსვლელობის პარალელურად, შეიძინონ ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოდგენილი პროდუქცია – გამაგრილებელი სასმელები, ლუდი, სნექები და ჰოთდოგები.

ქუთაისში ჩვენება ამინდის გაუარესების გამო, სპორტის სასახლეში გაიმართება. დაგეგმილია სპორტული ღონისძიებები და ქუთაისელ მაყურებელსაც მატჩამდე DJ გაამხნევებს მუსიკით. ასევე, ჩვენებები დაგეგმილია სხვა მუნიციპალიტეტებშიც: ჭიათურაში, ზესტაფონში, თერჯოლაში, ტყიბულში, ბაღდათში და ა.შ.

ნაკრების მაისურებითა და ეროვნული დროშებით ზუგდიდელები მსვლელობას მოაწყობენ და მატჩს ერთად უყურებენ დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დიდ ეკრანზე.

როგორც ჩვენების ორგანიზატორები აცხადებენ, ყველა მუნიციპალიტეტი მზად არის, ამინდის გაუარესების შემთხვევაშიც კი ალტერნატიული გარემო შესთავაზოს მაყურებელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები