„დირსის” კომპლექსში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„დირსის” საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ბრალდებული გრიგოლ დოჩია თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა.

გრიგოლ დოჩია წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებოდა. მისი ადვოკატი, გოგა ბოგვერაძე აცხადებს, რომ განაჩენი უკანონოა და ბრალდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

“სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. დაცვის მხარემ სასამართლო პროცესებზე დაამტკიცა, რომ ბრალდებული დაცვით მდგომარეობაში, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოეტანა”,- განაცხადა უფლებადამცველმა,

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, საცხოვრებელ კომპლექს “დირსთან” მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა 38 წელის მამაკაცი, გრიგოლ დოჩია დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა პირმა ცივი იარაღით ჭრილობა 4 პირს, მათ შორის, არასრულწლოვანს მიაყენა, რის შემდეგადაც მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ერთი პირი – არასრულწლოვნის მამა გარდაიცვალა. 2 დაჭრილი და გარდაცვლილი ერთი ოჯახის წევრები არიან, მეოთხე პირი კი, მეზობელია. დოჩიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლის მეორე მაწილის “ბ”და მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით, ასევე, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც წინასწარ შეცნობით არასრულწლოვნის და ორზე მეტი პირის მკვლელობის მცდელობასა და იძულებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები