ირაკლი ქადაგიშვილი: მზია ამაღლობელის შიმშილობის აქტი არის წმინდა პოლიტიკური ხასიათის

„აქ საქმე არის იმაში, რომ ადამიანი მიზანმიმართულად ცდილობს, რომ სახელმწიფოს გამოუცხადოს ტოტალური დაუმორჩილებლობა და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის პროცესში მიიღოს აქტიური მონაწილეობა,“ – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა მზია ამაღლობელის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიციელზე თავდასხმა ითვლება მძიმე დანაშაულად.

„აქ საქმე არის იმაში, რომ ადამიანი მიზანმიმართულად ცდილობს, რომ სახელმწიფოს გამოუცხადოს ტოტალური დაუმორჩილებლობა და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის პროცესში მიიღოს აქტიური მონაწილეობა. ეს ყველა სახელმწიფოში, უბრალოდ ყოფით ვითარებაშიც კი პოლიციელზე თავდასხმა ითვლება მძიმე დანაშაულად, მაგრამ ამავდროულად, ეს განპირობებული იყო სწორედ ამ მანკიერი მიზნით, რომლითაც ის არამარტო ერთ კონკრეტულ ადამიანზე აკეთებდა შეტევას, არამედ მთელი ეს პოლიტიკა, რომლის ერთ-ერთი გამომხატველი იყო ეს ქალბატონი, სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტის შეურაცხყოფას, მათ დაკნინებას და ჩამოშლას ითვალისწინებდა.

ზოგადად, პატიმრობაში მყოფი ადამიანი შიმშილობას აცხადებს ხოლმე, როდესაც მისი უფლებები ირღვევა, როგორც პატიმრის, ან არასათანადო მოქცევის ქვეშ არის, ან წამების ქვეშ არის, ან არასათანადო კვება აქვს, ან პაემანი აკრძალული აქვს, ან ადვოკატი, ან სამართლიანი სასამართლოს მიმართ წვდომა აკრძალული აქვს და ა.შ. არცერთი ეს პირობა ამ შემთხვევაში არ დგას იმიტომ, რომ სასამართლო და სამართალდამცავი სისტემა აბსოლუტურად სულ სხვა ჰუმანურ პრინციპებით ეპყრობა ყველა პატიმარს. ანუ მისი შიმშილობის აქტი არის წმინდა პოლიტიკური ხასიათის აქტი და ეს არის მისი პოლიტიკური არჩევანი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები