KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში საჯარო ლექცია გაიმართა
KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში მორიგი საჯარო ლექცია გაიმართა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ გახსნა.
ლექცია თემაზე – „წრფის განტოლება, მანძილის ფუნქცია, მანქანური სწავლება და სტუდენტური პროექტები‘‘ KIU-ს მათემატიკის სკოლის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რამაზ ბოჭორიშვილმა წაიკითხა.
სკოლის მოსწავლეებისთვის გამართულ საჯარო ლექციაზე რამაზ ბოჭორიშვილმა მათემატიკის ფუნდამენტურ კონცეფციებზე – წრფესა და მანძილზე გაამახვილა ყურადღება, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მანქანურ სწავლებაში და ინტენსიურად გამოიყენება KIU-ს სასწავლო კომპონენტში ინტეგრირებულ სტუდენტურ პროექტებში. პროფესორმა ახალგაზრდებს ილუსტრაციის სახით აღნიშნული პროექტები გააცნო და, ამასთან, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა KIU-ს ახალ საბაკალავრო პროგრამაზე „მათემატიკა და გამოყენებები: ხელოვნური ინტელექტის, სამეცნიერო გამოთვლების, ფინანსური მათემატიკის საფუძვლები“.
შემეცნებით საჯარო ლექციას იმერეთის რეგიონის სკოლების მე-9 და მე-12 კლასების 500-მდე მოსწავლე დაესწრო. მონაწილეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და თავიანთი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ პროექტის სამიზნე აუდიტორია გაფართოვდა. აქამდე KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტში ჩართვა მხოლოდ იმერეთის რეგიონის სკოლების მე-9 და მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის იყო შესაძლებელი, ახლა კი, საბავშვო უნივერსიტეტის საჯარო ლექციების მოსმენას, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სკოლების მოსწავლეებიც შეძლებენ. პროექტი ეტაპობრივად კიდევ უფრო გაფართოვდება და საქართველოს ყველა რეგიონის სკოლების მოსწავლეებისთვის გახდება ხელმისაწვდომი.