გურამ მაჭარაშვილი მუქარის შემცველ წარწერებზე თბილისში: ესეც არ დარჩება დაუსჯელი, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, აქ ვხედავთ ჩვენ სად არის ვითომ ლიბერალების ლიბერალური მიდგომა
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი ეხმიანება თბილისში სხვადასხვა ადგილზე გაკეთებულ მუქარის შემცველ წარწერებს და აღნიშნავს, რომ არც ეს ფაქტები დარჩება დაუსჯელი.
„არასამთავრობო სექტორი ფინანსდებოდა უცხოეთიდან ფულით, რომელიც წარწერას აკეთებდა კედლებზე „84 ტყვია 84 დეპუტატს“, ამის შემდგომ გაჩნდა „მოკალი ქოცი“ და ა.შ. რა თქმა უნდა, ესეც არ დარჩება დაუსჯელი ამის გარანტიას ვაძლევთ ყველას მათ შორის კანონმდებლობის დონეზე, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, აქ ვხედავთ ჩვენ სად არის ვითომ ლიბერალების ლიბერალური მიდგომა. განსხვავებული მოსაზრება არამც თუ მიუღებელია მათთვის, არამედ კლავენ პირდაპირ. პირდაპირ წარწერები არისო „84 ტყვია დეპუტატებს”, „მოკალი ქოცი” რატომ? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ის პოზიცია, რასაც ჰქვია ეროვნული ღირებულება და მისი დაცვა. და მათ რომ აქვთ განსხვავებული პოზიცია თუნდაც უმცირესობას, ისინი კლავენ განსხვავებულ აზრს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, მუქარის შემცველ წარწერებთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისში გამოჩნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს.