ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს

„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ, ინდოეთში, მუმბაიში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ინდოეთის ერთ-ერთ უდიდეს სამოგზაურო კომპანიასთან Thomas Cook“ – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა  მაია ომიაძემ და Thomas Cook-ს კომპანიის პრეზიდენტმა მოგზაურობის, დასვენებისა და საქმიანი ტურიზმის მიმართულებით  რაჯიივ ხალემ.  შეხვედრას ესწრებოდა  ინდოეთში საქართველოს ელჩი ვახტანგ ჯაოშვილი

„დღეს გავაფორმეთ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ინდოეთის ერთ-ერთ  ყველაზე მსხვილ ტურისტულ კომპანიასთან Thomas Cook.  ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ინდურ ბაზარზე, რომ საქართველოში ბევრად მეტი ტურისტი ჩამოვიყვანოთ.  ვგეგმავთ ერთობლივ მარკეტინგულ კამპანიებსაც.  ძალიან მნიშვნელოვანია ინდოეთის ბაზარზე გყავდეს დიდი პარტნიორები. რა თქმა უნდა ვმონაწილეობთ ღონისძიებებში, მათ შორის OTM 2025-ზე. აღნიშნულ გამოფენაზე 45 კერძო კომპანია გვყავს ჩამოყვანილი და ერთობლივად მხარს ვუჭერთ ღონისძიებებს, რომ ინდოეთში საქართველოს შესახებ ცნობადობა ამაღლდეს და შედეგად საქართველოში ბევრად მეტი ინდოელი ტურისტი ჩამოვიდეს“,- განაცხადა მაია ომიაძემ.

„კომპანია Thomas Cook ძალიან მოხარულია საქართველოს გაუწიოს პოპულარიზაცია ინდოეთში, ყველას გავაცნოთ საქართველოს ემოციები, ქვეყნის სიმდიდრე, ქართული ღვინო და სტუმართმოყვარეობა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, საქართველოში ინდოეთიდან ძალიან ბევრ ტურისტს ჩამოვიყვანთ“,- განაცხადა Thomas Cook-ს კომპანიის პრეზიდენტმა მოგზაურობის, დასვენებისა და საქმიანი ტურიზმის მიმართულებით  რაჯიივ ხალემ.

„ინდოელი ტურისტები უკვე არიან ათეულში საქართველოში 100 ათასზე მეტი ინდოელი გვეწვია გასულ წელს.  თუ გავითვალისწინებთ ქვეყნის ზომას, მზარდ ეკონომიკას , გეოგრაფიულ სიახლოვეს და ინტერესს საქართველოს მიმართ, რა თქმა უნდა პერსპექტივა ძალიან მაღალია. ამის მანიშნებელია იმ ტურისტული კომპანიების ოდენობა რომლებიც მონაწილეობას იღებენ გამოფენაში და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია მემორანდუმის გაფორმება Thomas Cook-თან, რომელიც ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული კომპანია და ბუნებრივია ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს უფრო მეტი ინდოელი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში“,- განაცხადა ინდოეთში საქართველოს ელჩმა ვახტანგ ჯაოშვილმა.

„მემორანდუმის მიზანია: საქართველოს ცნობადობის ამაღლება ინდოეთის ტურისტულ ბაზარზე, საქართველოს შესახებ ტურისტულად მიმზიდველი მედიაკამპანიის ორგანიზება, გაცნობითი ტურების მოწყობა საქართველოში,  საქართველოს საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობა ინდოეთში, უნიკალური და ინდოეთის ბაზარზე მორგებული ტურისტული პროდუქტების შექმნა, ერთობლივი მარკეტინგული კამპანიები ინდოეთში საქართველოს შესახებ, გრძელვადიანი სტრატეგიული  თანამშრომლობის დაწყება საქართველოს ტურისტული ცნობადობის გაზრდის მიზნით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები