ნუნუ მიცკევიჩმა და ლევან ხარატიშვილმა პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში ჩატარებული კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვა
ევროპელ მკვლევართა ღამისა და პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან, მწერალთა სახლთან და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან თანამშრომლობით სხვადასხვა მიმართულებით ახალგაზრდული კონკურსები ჩაატარა. კონკურსებში გამარჯვებული ახალგაზრდები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა ნუნუ მიცკევიჩმა და ლევან ხარატიშვილმა დისტანციურ ფორმატში დააჯილდოვეს.
დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ნუნუ მიცკევიჩმა გახსნა. მან მეცნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა, თითოეულ მონაწილეს მადლობა გადაუხადა სამეცნიერო კონკურსში მონაწილეობისთვის და შემდგომი წარმატება უსურვა.
მუსიკალური კონკურსის „მეცნიერება მუსიკაში“ ფარგლებში, რომელიც თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ გამოაცხადა, სტუდენტებს სამეცნიერო თემატიკაზე მუსიკალური ნაწარმოები უნდა შეექმნათ. ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ: საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოების ნომინაციაში „ჰიმნი მეცნიერებას“ გამარჯვებული კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი მათინ ფეიმანი გახდა. საუკეთესო ელექტრონული მუსიკალური ნაწარმოების ნომინაციაში კომპოზიციის მიმართულების სტუდენტმა ჯონი ასიტაშვილმა გაიმარჯვა. ხოლო საუკეთესო სოლო ინსტრუმენტული მუსიკალური ნაწარმოების ნომინაციის გამარჯვებული ასევე კომპოზიციის მიმართულების სტუდენტი გაგი სიხარულაშვილი გახდა.
მწერალთა სახლის მიერ გამოცხადებული მოთხრობების კონკურსი „O Captain! My Captain! Our Scientific trip here starts“ ფარგლებში, გამარჯვებულები სამ საპრიზო ნომინაციაში გამოვლინდნენ. პირველი ადგილის მფლობელი ნინო ჯინჭარაძე გახდა მოთხრობით „იპოვე პატერნი“; მეორე ადგილი თამარ კიზივაძემ მოიპოვა ნამუშევრით „იგივე, მაგრამ უკეთესი“; ხოლო მესამე ადგილის მფლობელი გიორგი ფარეხელაშვილი გახდა მოთხრობით „გენეზისი“.
რაც შეეხება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ გამოცხადებულ კონკურსს „ფერით დანახული მეცნიერება“, ორი მიმართულებით, საუკეთესო ესკიზებისა და ნახატების გამოვლენისთვის ჩატარდა. კონკურსის მიზანი სახვითი ხელოვნების ნიმუშებში სამეცნიერო აღმოჩენების, ტექნოლოგიური გამოგონებების ან მეცნიერული მოვლენების აღბეჭვდა წარმოადგენდა.
ნახატების კონკურში გამარჯვებულები სამი საპრიზო ადგილისთვის გამოვლინდნენ. პირველი ადგილი ხვიჩა წენგუაშვილმა მოიპოვა ნამუშევრით „სიცოცხლე სიცოცხლისთვის“; მეორე ადგილის მფლობელი მარი კაშანსკი გახდა ნამუშევრით “Infrared”; ხოლო მესამე ადგილი ვაჟა კავლელაშვილის ნამუშევარმა „პეპლის ეფექტი – The Butterfly effect“ მოიპოვა.
ესკიზების კონკურსის მიმართულებით, ჟიურის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა შვიდი გამარჯვებული: ელისაბედ ლეფსვერიძე, ვაჟა კავლელაშვილი (ორი გამარჯვებული ესკიზი), ლაშა ბაკაშვილი (ორი გამარჯვებული ესკიზი), მარიამ დოლიძე, ლიკა წერეთელი და ნატა აბდალაძე (ჯგუფური ნამუშევარი) და ხვიჩა წენგუაშვილი.
საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში პროექტის „მეცნიერება კაპიტანიას“ ფარგლებში ევროპული სივრცეები მოეწყო, რომლებიც გამარჯვებული ესკიზების მიხედვით მოიხატება. დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე ესკიზები ლოტოტრონის სისტემით გადანაწილდა თბილისის (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ქუთაისის (ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ბათუმის, ახალციხის, თელავისა და ზუგდიდის უნივერსიტეტებისათვის. ევროპულ სივრცეებს თავად გამარჯვებული სტუდენტები მოხატავენ.
დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სამინისტროს განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა მარუაშვილი, კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, მწერალთა სახლისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლები.
საქართველო წელს პირველად შეუერთდა ევროპელ მკვლევართა ღამეს პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“. მასში მონაწილეობას ევროკავშირისა და ჰორიზონტი 2020-ის ასოცირებული 30 ქვეყანა იღებს. „მეცნიერება კაპიტანია“ მეცნიერების, როგორც საზოგადოების ყველა ფენის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის წარმოჩენასა და საქართველოს ფართო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაციას ემსახურება.