სამთავრობო პროგრამის მიხედვით, მომდევნო წლებში საგარეო პოლიტიკის ურყეობა გარანტირებული იქნება, ქვეყანა გააგრძელებს მტკიცე, პრაგმატული და შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებას

საქართველოს საგარეო პოლიტიკის ურყეობა მომდევნო წლებში კვლავ გარანტირებული იქნება და ქვეყანა გააგრძელებს მტკიცე, პრაგმატული და შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებას. ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტისთვის წარდგენილ სამთავრობო პროგრამაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2020-2024 წლები უპრეცედენტო საერთაშორისო ტურბულენტობით აღინიშნა და რუსეთ-უკრაინის ომმა საფუძვლიანად შეარყია საერთაშორისო წესრიგი და როგორც ევროპულ, ისე გლობალურ უსაფრთხოებას ეგზისტენციალური საფრთხე შეუქმნა.

მთავრობის შეფასებით, ამგვარ კრიტიკულ ვითარებაში საქართველოს საგარეო პოლიტიკა გამორჩეული იყო სიმტკიცითა და თანმიმდევრულობით, რადგან ემყარებოდა როგორც ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრულ ფუნდამენტურ ღირებულებებსა და ფასეულობებს, ისე საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების მიმართ საქართველოს ერთგულებას.

„საქართველოს მთავრობისთვის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ქვეყნის გამთლიანება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო დღის წესრიგში საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნებასა და მხარდაჭერის გაძლიერებას. საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს აქტიურ მუშაობას და გამოიყენებს ყველა შესაძლო დიპლომატიურ და სამართლებრივ ბერკეტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის, რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, სოციალურ, სამართლებრივ სივრცეში ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯების აღკვეთის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის შერიგებისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით საერთაშორისო მხარდაჭერისა და ძალისხმევის უზრუნველყოფის მიზნით, რაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემოს ფონზე. გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა როგორც ცალკეულ ქვეყნებთან, ისე შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგსა და ყველა შესაბამის ფორმატში აქტიურად იდგეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებული პრიორიტეტული საკითხები და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ზემოხსენებული ამოცანების შესრულების მიზნით“, – ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში.

როგორც მთავრობა აცხადებს, საქართველო, კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, განაგრძობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევად გზას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები