ვარშავაში აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა (ფოტო, ვიდეო)

ვარშავაში გვიან ღამით მრავალათასიანი საპროტესტო აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალეს, რამდენიმე პირი დაკავებულია.

შეკრებილებმა კვლავ გააპროტესტეს მთავრობის გადაწყვეტილება აბორტების აკრძალვის შესახებ.

RMF24-ის ინფორმაციით, პოლიციამ აქციის დაწყებამდე ორი საათით ადრე პარლამენტთან მისასვლელი გზები დაბლოკა, შეკრებილები კი ვარშავის ამბოხის მოედნისკენ გაემართნენ.

მსვლელობის დროს აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები პერიოდულად ხდებოდა.

პოლიცია ხალხს აფრთხილებდა, რომ პანდემია დასრულებული არ არის, ამიტომ, საჭიროა ნიღბების ტარება და დისტანციის დაცვა, თუმცა, საპასუხოდ სკანდირებდნენ, რომ ეს მათ პროტესტს ვერ შეაჩერებს.

ცრემლსადენი გაზი კი მოედანზე იქნა გამოყენებული.

პოლონეთში საპროტესტო აქციები პერიოდულად 22 ოქტომბრიდან იმართება მას შემდეგ, რაც პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ ნაყოფის დეფექტის გამო აბორტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და ისეთი სამართლებრივი საფუძველი შემოიღო, რომელიც აბორტების სრულ აკრძალვას უტოლდება.

ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სეიმში ისეთ წინადადებას წარადგენს, რომელიც ითვალისწინებს აბორტების გაკეთებას ნაყოფის ე.წ.ლეტალური დეფექტის დროს, მაგრამ არა – დაუნის სინდრომის დიაგნოსტირების გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები