კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამას და მინისტრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირეს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილეს.
კომიტეტების წევრებმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატს, ალექსანდრე წულაძეს, კულტურის და სპორტის მინისტრობის კანდიდატს – თინათინ რუხაძეს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ სარჯველაძეს მოუსმინეს.
ალექსანდრე წულაძემ დეპუტატებს განათლების თითოეულ ეტაპთან დაკავშირებით გეგმები გააცნო და მეცნიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
თინათინ რუხაძემ კულტურისა და სპორტის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე, ასევე ძეგლთა დაცვის მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრა.
ჯანდაცვის მიმართულებით ცალკეული პროგრამებისა და სერვისების შესახებ კომიტეტების წევრებს ინფორმაცია მიაწოდა მიხეილ სარჯველაძემ. მან ასევე ყურადღება გაამახვილა დასაქმების და სოციალურ საკითხებზე.
სიტყვით გამოსვლების შემდეგ, მინისტრობის კანდიდატებმა პარლამენტის წევრების კითხვებს უპასუხეს.
„სამივე მომხსენებელმა ყოვლისმომცველი პრეზენტაცია წარადგინა, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია” ,- განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ.
ოთხივე კომიტეტმა მინისტრობის კანდიდატებს და სამთავრობო პროგრამას მხარი ერთხმად დაუჭირა.