საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე სამი პირი დააკავა (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე სამი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სოციალურად დაუცველი და სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის ნასამართლევი პირების სახელზე არეგისტრირებინებდნენ საწარმოებს და მათი საშუალებით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ახორციელებდნენ ჯართის ფიქტიურ შესყიდვებს და გაწერებს, რა დროსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდებოდა დამატებული ღირებულების გადასახადის უკანონო ჩათვლების მიღება.
გამოძიების ამ ეტაპისათვის დადგენილია, რომ უკანონოდ ჩათვლილი დამატებული ღირებულების გადასახადის ოდენობა 1 604 523 ლარს შეადგენს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები