საქართველო-სომხეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და მათი პერსპექტივა — ინტერვიუ გევორგ პაპოიანთან
„სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას დიდი პოტენციალი აქვს იმ საკვანძო სექტორებში, რომელთაც შეუძლიათ, ხელი შეუწყონ ბიზნესგარემოს განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას,“ — ეს სიტყვები სომხეთის ეკონომიკის მინისტრს, გევორგ პაპოიანს ეკუთვნის, რომელმაც „კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა სტაბილურად ვითარდება. მინისტრმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა სომხეთის მიერ ინიცირებულ ახალ პროექტზე — „მსოფლიოს გზაჯვარედინზე“ — რომელიც კავკასიის რეგიონის განვითარებას და ახალი სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შექმნას ისახავს მიზნად. როგორც თავად აღნიშნა, ქვეყნების გეოგრაფიული სიახლოვე და ზოგადი კულტურული ღირებულებები, მათ შორის, ისტორიული და კულტურული კავშირები ხელს უწყობს საქართველო-სომხეთის ურთიერთობას და ქვეყნებს შორის მიმდინარე ბიზნესპროცესებს.
წარმოგიდგენთ ინტერვიუს სომხეთის ეკონომიკის მინისტრთან, გევორგ პაპოიანთან.
—საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ვითარდება. გასულ წელს საქართველოს საექსპორტო პარტნიორ ქვეყნებს შორის სომხეთი სამეულში მოხვდა და 13%-იანი წილით, მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა ექსპორტის უმეტესი ნაწილის, 80,1%-ის რეექსპორტი განხორციელდა. რა პოტენციალს ხედავთ ვაჭრობის შემდგომ განვითარებასა და საექსპორტო საქონლის დივერსიფიკაციაში? ასევე, საინტერესოა, რა განაპირობებს ორ ქვეყანას შორის მზარდ სავაჭრო ურთიერთობებს და როგორია პერსპექტივა, თუ გავითვალისწინებთ ოფიციალური პირების განცხადებებს, რომელთა თანახმადაც, ამ ურთიერთობებს კიდევ უფრო გაღრმავება სჭირდებათ?
—საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ნამდვილად სტაბილურად იზრდება და მათი შემდგომი განვითარებისა და დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი პოტენციალიც თვალსაჩინოა.
სომხეთს აქვს უპირატესობები ხილის, ბოსტნეულის, ჩირის და სხვა დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქტების წარმოებაში, როგორიცაა: ღვინის პროდუქტები, დაკონსერვებული საკვები, ნატურალური წვენები და რძის პროდუქტები. საქართველო, თავის მხრივ, ცნობილია ღვინით, თხილით, ჩაის პროდუქტებითა და ბოსტნეულით, რომლებზეც მოთხოვნა სომხეთშია. ეს ქმნის პირობებს ორივე ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქციით ორმხრივი ვაჭრობის გასაზრდელად.
რაც შეეხება საქართველოსთან სომხეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვას, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოსთან სავაჭრო ბრუნვამ 702,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13,5%-ით ნაკლებია. 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტის წილი სავაჭრო ბრუნვაში 17,6%-ია, იმპორტის წილი — 82,4%. 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტმა 123,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12,3%-ით მეტია, ხოლო იმპორტმა, (წარმოშობის ქვეყნების მიხედვით) თავის მხრივ, 576,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და 17.6%-ით შემცირდა.
2024 წლის იანვარ-სექტემბერში სომხეთიდან საქართველოში ექსპორტირებული ძირითადი საქონელია:
- „სიგარეტი და სიგარა“ — ექსპორტის მოცულობა 23,5 მილიონი აშშ დოლარი;
- „რკინის ან არალეგირებული ფოლადის ნახევარფაბრიკატები“ — ექსპორტის მოცულობა 18,9 მილიონი აშშ დოლარი;
- „ბოთლები, ფლაკონები, დოქები, ქოთნები, ქილები, ამპულები და სხვა მინის კონტეინერები“ — ექსპორტის მოცულობა 14,8 მილიონი აშშ დოლარი.
აღნიშნული საქონელი 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში მთლიანი ექსპორტის 50,6%-ს შეადგენს.
2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან სომხეთში იმპორტირებული ძირითადი საქონელია։
- „სამგზავრო მანქანები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები“ — იმპორტის მოცულობა 76,1 მლნ აშშ დოლარი;
- «არადენატურირებული ეთილის სპირტი ალკოჰოლის კონცენტრაციით 80 vol.% -ზე ნაკლები, ალკოჰოლური ნაყენები, ლიქიორები და სხვა ალკოჰოლური სასმელები“ — იმპორტის მოცულობა 35,9 მლნ აშშ დოლარი;
- „მედიკამენტები (გარდა საქონლისა 3002, 3005 ან 3006 პოზიციებისა)“ — იმპორტის მოცულობა 27,7 მილიონი აშშ დოლარი.
ზემოაღნიშნული საქონელი 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან იმპორტის 24.3%-ს შეადგენს․მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ არის საქონელი, რომელიც იყო ექსპორტირებული ან შემოტანილი 2023 წლის იანვარ-სექტემბერში, მაგრამ არ იყო ექსპორტირებული ან იმპორტირებული 2024 წლის იანვარ-სექტემბერში.
ექსპორტზე 83 საქონელია, ხოლო იმპორტისთვის 89 საქონელი. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს „2716 ელექტროენერგია“ და „4907 საფოსტო მარკები“ პროდუქციის ჯგუფები, რომელთა ექსპორტის მოცულობამ საქართველოში 2023 წლის იანვარ-სექტემბერში, შესაბამისად, 17.9 მილიონი აშშ დოლარი და 9.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
იმის გათვალისწინებით, რომ ეს საქონელი იყო მოთხოვნადი ქართულ ბაზარზე, შეგვიძლია, აღვნიშნოთ სომხეთიდან საქართველოში ამ საქონლის ექსპორტის აღდგენის შესაძლებლობა.
—სომხეთიდან ქართულ ეკონომიკაში ინვესტიციების მოცულობა იზრდება, თუმცა სომხეთი არ არის წამყვანი ინვესტორი ქვეყნების სიაში. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება, სომეხი ინვესტორები დაინტერესდნენ საქართველოში ინვესტირებით? რა სექტორებში შეიძლება, იყოს მათთვის უფრო მიმზიდველი ინვესტირება?
—მთავარი ფაქტორი, რომელიც სომხურ კაპიტალს საქართველოსკენ უბიძგებს, არის ჩვენი ქვეყნების გეოგრაფიული სიახლოვე და ზოგადი კულტურული ღირებულებები: ჩვენ შორის ისტორიული და კულტურული კავშირები ხელს უწყობს ურთიერთობას და ბიზნესპროცესებს.
რაც შეეხება პერსპექტიულ სექტორებს ინვესტიციებისთვის:
- ტრადიციულად, ტურიზმი და სასტუმრო ბიზნესი პერსპექტიული სფეროებია საქართველოს ეკონომიკაში: სომეხ ინვესტორებს შეუძლიათ, ინვესტიციები სასტუმროს სექტორში, კურორტებში, სატრანსპორტო მომსახურებასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებში.
- ინვესტიციები ლოგისტიკასა და ინფრასტრუქტურაში შესაძლოა, მიმზიდველი იყოს სომეხი ინვესტორებისთვის, საქართველოს ზღვაზე წვდომის გამო.
—როგორ იმოქმედებს მომავალი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა სადენი, რომლითაც სომხეთი დაინტერესდა, და სომხეთის რესპუბლიკის პროექტი „მსოფლიოს გზაჯვარედინზე“; რა გავლენას მოახდენს რეგიონზე და უშუალოდ ამ ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებზე?
—მომავალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორიცაა „მსოფლიოს გზაჯვარედინზე“ და „შავი ზღვის წყალქვეშა სადენი“, აქვთ პოტენციალი, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ როგორც რეგიონზე, ასევე, უშუალოდ სომხეთ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებზე. პროექტი „მსოფლიოს გზაჯვარედინზე“ სომხეთის მთავრობის ინიცირებულია და მიზნად ისახავს, სომხეთის ტერიტორიის გავლით, შავი ზღვის და სპარსეთისა და ომანის ყურეებთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შექმნას. ეს პროექტი გულისხმობს საგზაო და სარკინიგზო მარშრუტების, მილსადენების, ელექტროგადამცემი ხაზების და ინტერნეტსადენების განვითარებას, რამაც შეიძლება, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები რეგიონის ქვეყნებს შორის.
„შავი ზღვის წყალქვეშა სადენი“ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, ევროპასთან დააკავშირებს. მიმაჩნია, რომ ეს პროექტი პერსპექტიულია და მას შეუძლია, წვლილი შეიტანოს ენერგომომარაგების დივერსიფიკაციაში და გაზარდოს მთლიანად რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოება. სომხეთის ამ პროექტებში ინტეგრაცია გააძლიერებს ეკონომიკურ კავშირებს მეზობლებთან – მათ შორის, საქართველოსთან – და გაზრდის ევროპასა და აზიას შორის თანამშრომლობის პოტენციალს. ინფრასტრუქტურის განვითარება და გაუმჯობესებული ლოგისტიკური კავშირები ხელს შეუწყობს ვაჭრობის გაზრდას, ინვესტიციების მოზიდვას და სამუშაო ადგილების შექმნას, რაც, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს რეგიონის ეკონომიკურ ზრდასა და სტაბილურობაზე.
—როცა ტურიზმზე ვსაუბრობთ, სტატისტიკა აქაც იზრდება. როგორ ფიქრობთ, რა არის ტურისტების მზარდი ნაკადის გამომწვევი ფაქტორები (იქნება ეს კულტურული კავშირები თუ ძლიერი დიასპორა) და რა სფეროებში შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს ტურისტული თანამშრომლობა?
—სომხეთსა და საქართველოს შორის აგროტურიზმის განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს, ორივე ქვეყნის მდიდარი სასოფლო-სამეურნეო და კულტურული მემკვიდრეობის გათვალისწინებით. აგროტურიზმი შეიძლება, იყოს თანამშრომლობის საინტერესო სფერო — ტურისტების მოზიდვა, რომელთაც სურთ არა მხოლოდ ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, არამედ რეგიონის ტრადიციულ ცხოვრების წესისა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გაცნობა. ერთობლივი ღვინის ტურები, მათ შორის, ღვინის რეგიონებში ვიზიტები და დეგუსტაციები საშუალებას მისცემს ტურისტებს, გაეცნონ ღვინის უნიკალურ ჯიშებს და მეღვინეობის ტრადიციებს კავკასიაში.
—ზოგადად, რომელ სექტორებში ხედავთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ყველაზე დიდ პოტენციალს?
—სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას აქვს დიდი პოტენციალი იმ საკვანძო სექტორებში, რომელთაც შეუძლიათ, ხელი შეუწყონ ბიზნესგარემოს განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას. ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სფერო ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის განვითარებაა, რაც ინვესტორებს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის. სატრანსპორტო დერეფნების მოდერნიზაცია და ახალი ლოგისტიკური მარშრუტების შექმნა, როგორიცაა პროექტი „მსოფლიო გზაჯვარედინზე“, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სავაჭრო ურთიერთობებს და ხელსაყრელ პირობებს შექმნის ორივე ქვეყნის ეკონომიკის ზრდისთვის.
ენერგეტიკის სექტორში პროექტებს, რომლებიც მიმართულია ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებასა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისკენ, შეუძლიათ, მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვა ე.წ. სუფთა ტექნოლოგიებში. ამ ინდუსტრიების განვითარება არა მხოლოდ უზრუნველყოფს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და ახალ ბიზნესშესაძლებლობებს. ასევე, მნიშვნელოვანია ციფრული ტექნოლოგიებისა და საინფორმაციო კომუნიკაციების როლი. IT ინფრასტრუქტურის განვითარება და ბიზნესპროცესების გაციფრულების სტიმულირება ორივე ქვეყანაში ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის დამწყებ და ინოვაციურ კომპანიებს, რაც მიიზიდავს უცხოელ ინვესტორებს მაღალტექნოლოგიურ სექტორებში. სოფლის მეურნეობაში და კვების მრეწველობაში ქვეყნებს შორის თანამშრომლობამ შეიძლება, გამოიწვიოს წარმოების მოცულობის გაზრდა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება, რაც შექმნის ახალ საექსპორტო ბაზრებს და პირობებს, აგრობიზნესში ინვესტიციების მოსაზიდად. მნიშვნელოვანი ასპექტია ტურიზმის განვითარებაც. სომხეთისა და საქართველოს პოტენციალის ერთობლივი პოპულარიზაცია ხელს შეუწყობს ტურისტული ინდუსტრიის გაზრდას. ზემოაღნიშნული დაეხმარება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას, რაც ხელს შეუწყობს მთლიანად რეგიონში გაუმჯობესებული ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, სატრანსპორტო დერეფნების განვითარება, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და თანამშრომლობა საბაჟო პროცედურების მოდერნიზება გაზრდის ვაჭრობის მოცულობას და შეამცირებს ხარჯებს.
აგროტურიზმის განვითარება, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის მხარდაჭერა, პროდუქციის გადამუშავებისა და შენახვის განვითარება — ეს ყველაფერი უწყობს ხელს ბაზარზე პოზიციების განმტკიცებასა და სასურსათო უსაფრთხოების გაზრდას. სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებისა და პროდუქციის სტანდარტიზაციის სფეროში თანამშრომლობა პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებასა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას შეუწყობს ხელს.