დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ ვხედავთ პოლიციელების მიმართულებით აქციის მონაწილეთა სასტიკ მოქმედებებს – მათ სურთ სისხლი, რათა უფრო დაიძაბოს ვითარება

„ამ პროტესტს არავითარი საფუძველი არ აქვს. თუ ჩვენ დავაკვირდებით ბოლო პროცესებს, ვნახავთ, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც რუსთაველზეა, მიეჩვია წაუკითხავად  გაპროტესტებას,” –  ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, როცა რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციები შეაფასა.
როგორც დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, აქციის მიზნების შესახებ სოციალურ ქსელებშიც კი გაჟღერდა ინფორმაცია და მისი არსი იმაშია, რომ რადიკალებს ვითარების დასაძაბად სჭირდებათ სისხლი.
„მინდა ჩემი გულწრფელი წუხილი გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ აქციამ, სამწუხაროდ, ვერ ჩაიარა ისე, რომ ზიანი არ დამდგარიყო. დაზიანებულები არიან პოლიციელები, ჟურნალისტები, მოქალაქეები – ისინი ყველანი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან. რა თქმა უნდა, ეს სამწუხარო ფაქტია და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მსგავსი შემთხვევები არ მოხდეს.
მაგრამ, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებული სისასტიკით როგორ ხდება პოლიციელების გამოწვევა და გამოყვანა წონასწორობიდან, რათა მოხდეს შეჯახება. სოციალურ ქსელებში გამოჩნდა კიდეც აქციის მონაწილეთა სურვილი – მათ სურთ სისხლი, რათა უფრო დაიძაბოს ვითარება,” –  განაცხადა დეპუტატმა.
შეკითხვას, თუ რამ განაპირობა პროტესტი, დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, რომ ის უსაფუძვლოა. „ამ პროტესტს არავითარი საფუძველი არ აქვს. თუ ჩვენ დავაკვირდებით ბოლო პროცესებს, ვნახავთ, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც რუსთაველზეა, მიეჩვია წაუკითხავად  გაპროტესტებას. პირველი ასეთი წაუკითხავი გაპროტესტება (დაკვეთაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან ასეთი იყო – არ  წაიკითხო და გააპროტესტე) წამოვიდა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, რომ ის იყო რუსული. სამწუხაროდ, მოქალაქეების ნაწილმა  მართლაც არ წაიკითხა კანონი, დაარქვეს რუსული, გააპროტესტეს, მაგრამ მალე აღმოჩნდა, რომ საერთაშორისო საზოგადოებაშიც კი ვერ მოიძებნა პასუხის გამცემი შეკითხვაზე, რატომ იყო ის რუსული. ბოლოს დამკვიდრდა პასუხად სიტყვა „იმიტომ”, რაც სასაცილოდაც კი იქცა.
ასეთი „წაუკითხავი” პროტესტია დღესაც, როცა პრემიერმა სრულიად ნათელი განცხადება გააკეთა და რუსთაველზე მდგომებმა არათუ წაიკითხეს, პაველ ჰერჩინსკის ათარგმნინეს მისი ნათქვამი.  მან კი თარგმნა ისე, როგორც აწყობდა,” –  განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები