საპატრიარქო: რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები ჩვენს გულისტკივილსა და შეშფოთებას იწვევს
საქართველოს საპატრიარქო ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს ეხმაურება. განცხადებას “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“ამა წლის 29 ნოემბერს, გამთენიისას, დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები ჩვენს გულისტკივილსა და შეშფოთებას იწვევს.
მიუხედავად მთავრობის წარმომადგენლების განმარტებებისა, როგორც გუშინ, ასევე დღეს, რომ საქართველო არ უხვევს ევროპული კურსიდან და უარს არ ამბობს ევროპულ ფასეულობებზე, საზოგადოების ნაწილისათვის ეს განმარტებები საკმარისი და დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. შედეგად, მშვიდობიანი დემონსტრაცია ნელ-ნელა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისა და აქციის მონაწილეების ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მასმედიით გავრცელებულ არაერთ კადრში ჩანს, როგორ დაუპირისპირდნენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს, როგორ ცდილობდნენ შენობებში შეღწევას და აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას. თავის მხრივ, ვიხილეთ აგრესიული ქმედებები სამართალდამცავების მხრიდან. ისინი ფიზიკურად უსწორდებოდნენ პროტესტის მონაწილეებს, სხვადასხვა ასაკის ადამიანებს, მათ შორის, ჟურნალისტებს, რომელთა უპირველესი სამსახურებრივი მოვალეობა სწორედ ფაქტების დაფიქსირება და ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაა.
სამწუხაროა, რომ დღესაც, ისევე, როგორც ბოლო წლებში, ეს სურათი არ იცვლება. ჩვენ თვალწინ პერიოდულად ვითარდება მძიმე სცენარი. ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ადამიანებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ ერთმანეთის კატეგორიული მიუღებლობა, განსხვავებული აზრისა და პოზიციის გამო რადიკალური დამოკიდებულება, აგრესია და უთანხმოება.
ამ ყოველივეს პარალელურად, მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის თავშეკავებისა და ურთიერთპატივისცემისაკენ მოუწოდებდა და მოუწოდებს ადამიანებს, აზრთა სხვადასხვაობის, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა თუ კურსის მიუხედავად. საზოგადოების წევრები მაინც ორიენტირებული უნდა იყვნენ მშვიდობის შენარჩუნებისაკენ, რათა არ გადალახონ ზღვარი.
მოვუწოდებთ როგორც ხელისუფლებასა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, ისე საზოგადოების ყველა სხვა წევრს, რომლებიც აქტიურად გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, თავი შეიკავოთ აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისაგან. განსხვავებული აზრისა და შეხედულების გამო ნუ დავაზარალებთ ურთიერთს და შევძლოთ, ჩვენი პოზიცია გაცილებით ცივილური ფორმით გამოვხატოთ.
მსგავსი უარყოფითი დამოკიდებულებები და ქმედებები კი უცხოა ეკლესიის ხედვისა და ზოგადად ქრისტიანული სულისკვეთებისათვის. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მშვიდობისა და კეთილგონიერებისაკენ.
„მშვიდობასა ჰყოფდით და ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა იყავნ თქუენ თანა“,- წერია განცხადებაში.