შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მურმანეთში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ, პირველი სამმართველოს (ბათუმი) N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის კიდევ ერთი მოქალაქეა დაკავებული. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდა. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.