სახელმწიფომ სამ წელში 500 მილიონამდე ლარის მოსავალი დააზღვია – აგროდაზღვევის პროექტში ცვლილებები შედის (ვიდეო)
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის, მეწარმეთა, ფერმერთა, რისკების შემცირების მიზნით, სახელმწიფო, უკვე მე-5 წელია, აგროდაზღვევის პროექტს ახორციელებს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან მოსავლის დაზღვევას სეტყვისგან, წყალდიდობისგან, ქარიშხლისგან და საშემოდგომო ყინვისგან ყველა კულტურაზე – 70%-ით, ხოლო ვაზზე – 50%-ით.
აგროდაზღვევის პროექტით 2014-2017 წლებში დაზღვეული ფართობი 60 ათასამდე ჰექტარს შეადგენს და ჯამში 500 მილიონამდე ლარის მოსავალია დაზღვეული.
„წელს ბიუჯეტიდან პროექტის დასაფინანსებლად 9 მილიონი ლარია გათვალისწინებული. წლიდან წლამდე პროექტი საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით იხვეწება. მნიშვნელოვანი ზრდაა პროგრამაში ფერმერთა ჩართულობის მხრივ.
ახალი ინიციატივა გულისხმობს სავარგულების აუცილებელი წესით დარეგისტრირებას. წინა წლებისგან განსხვავებით, პროგრამით ისარგებლებს ფერმერი, რომელსაც მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული აქვს. პარალელურად, მარტივდება რეგისტრაციის პროცესი, რომლითაც მეწარმეს და მცირე ფერმერს სურს, ისარგებლოს. ძალიან მნიშვნელოვანია მიწის რეგისტრაცია, სავარგულების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვის კუთხით და ამიტომ ეს ახალი ინიციატივა წარმოადგინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ“,- აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.