საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტები გამოავლინეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ პირთა ჯგუფს დიდი ოდენობით შემოსავლის უკანონოდ მიღების მიზნით, ქალაქებში თბილისში, ბათუმსა და სენაკში, ხალხმრავალ ადგილებში – ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიებზე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის გარეშე აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატები ჰქონდათ განთავსებული.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია კანონდარღვევით მოქმედი ექვსი ერთეული სათამაშო აპარატი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.