სოფელ ოზურგეთში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში დღეს, ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა.
საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს სააღმზრდელო პროცესის გავლა აქამდე ამორტიზებულ შენობაში, არასაკმარისი ფართის პირობებში უწევდათ.
ახალი ბაღი ოზურგეთის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით დარჩიასთან ერთად გახსნა.
სოფელ ოზურგეთის საბავშვო ბაღის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. თანამედროვე სტანდარტების, ახალი საბავშვო ბაღი 90 ბავშვზეაგათვლილი.
„შენობა აღჭურვილია შესაბამისი ავეჯით, სპეციალურად ბავშვებზე მორგებული სველი წერტილებით, სამზარეულოთი, ხანძარსაწინააღმდეგო, წყალგამწმენდი და გათბობის სისტემებით. დღეს საბავშვო ბაღმა სრულფასოვანი ფუნქციონირება დაიწყო. მშენებლობა დაფინანსდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. პროექტის ღირებულება 400 000 ლარს შეადგენს. მუნიციპალიტეტი ამ მიმართულებით მუშაობას კვლავ გააგრძელებს“, – აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ.
სოფელ ოზურგეთის საბავშვო ბაღი რიგით მეხუთეა, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშენდა.
მსგავსი თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღები აშენდა ჭანიეთის, წვერმაღალის, ცხემლისხიდისა და ბახვის ტერიტორიულ ერთეულებში.