ზელენსკი: ნამდვილი ნაძირალა უნდა იყო, რომ ასეთი სარაკეტო დარტყმები განახორციელო ჩვეულებრივ ქალაქზე – წითელ პარასკევს, აღდგომის წინ
რუსეთის სარაკეტო დარტყმის შემდეგ ხარკოვში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ოპერაციები კვლავ მიმდინარეობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ეს იყო საკრუიზო რაკეტები, „ისკანდერები“, რომლის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
„რუსეთის სარაკეტო დარტყმის შემდეგ ხარკოვში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ოპერაციები კვლავ მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, ეს იყო საკრუიზო რაკეტები – „ისკანდერები“. ერთ-ერთი რაკეტა ჰაერში საცხოვრებელი უბნის თავზე აფეთქდა; მეორე საცხოვრებლის მახლობლად მდებარე ინდუსტრიულ ობიექტს დაეჯახა.
თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და დაშავდა ბევრი ადამიანი – ასზე მეტი. ყველას ვუწევთ დახმარებას. ეს სრულიად განსხვავებული ხალხია – ზოგი ხანდაზმული, ზოგი ძალიან ახალგაზრდა. მხოლოდ ისინი ქმნიდნენ ცხოვრებას საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ქალაქში – და მხოლოდ ეს აქცევს მათ რუსეთისა და მისი რაკეტების სამიზნეებად.
ნამდვილი ნაძირალა უნდა იყო და სიცოცხლე გეზიზღებოდეს, რომ ასეთი სარაკეტო დარტყმები განახორციელო ჩვეულებრივ ქალაქზე – წითელ პარასკევს, აღდგომის წინ. როდესაც პარტნიორებს მივმართავთ, უპირველეს ყოვლისა შეერთებულ შტატებს, Patriot სისტემებისთვისა და მათთვის რაკეტებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ამ რუსული ბოროტებისგან დაცვა – ფრთოსანი რაკეტებიდან ბალისტიკამდე, – მივმართავთ დაცვისთვის, რომელსაც ყოველი ერი იმსახურებს.
არ უნდა იყოს ისე, რომ რომელიღაც ერი დაცვას მეტად იმსახურებს, ხოლო რომელიღაც ნაკლებად. ეს ქრისტიანულია – დახმარება. მითუმეტეს როდესაც არის ასეთი შესაძლებლობა – დახმარების. არ უნდა იყოს ისე, რომ ვიღაც ტერორისტს რატომღაც შეუძლია თავი აარიდოს შედეგებს, მიუხედავად იმისა, რომ ისევე ანადგურებს სიცოცხლეს, როგორც სხვა. რუსეთი, როგორც მინიმუმ მკაცრ სანქციებს იმსახურებს, რაც სასჯელია ყველაფრისთვის, რასაც ის აკეთებს“, – წერს ზელენსკი პლატფორმა X-ზე.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ ქალაქ ხარკოვის დაბომბვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა.