შეყვარებულია ფერმწერას და ფერზე. ამბობს, რომ ხატვის გზა იწყება დიდი ხნის წინ, როცა ფერი გახდა მისთვის არა უბრალოდ ვიზუალური ფორმა, არამედ სიცოცხლის განახლების გზა.
„ვხატავ ინტუიციით, ღრმად ემოციური სამყაროდან, სადაც თითოეულ ფერზე, მოძრაობასა და სიმბოლოზე ჩემივე სული ლაპარაკობს. პროფესიით მედიცინის მიმართულებით დავიწყე კარიერა, თუმცა შემდეგ წლებთან ერთად ჩემმა გულმა ფუნჯი აირჩია – და მას შემდეგ, ყოველდღე ვსუნთქავ ხელოვნებით.
ჩემი მიზანია არა მხოლოდ შექმნა, არამედ გადავიტანო ემოციები ფერზე, და დავტოვო მნახველში ხმა, რომელიც უსიტყვოდ ჩერდება“. – Heron – ლ. ყანჩაველის (ყანჩა) პერსონა.
– ბავშვობიდან გამოყოლილი ფერები…
– ბავშვობიდან გამომყვა ფერები, რომლებიც მუდამ ჩემს შიგნით მიჩურჩულებენ – მამის ხის სკამზე დაღვრილი მზის შუქი, დედის კაბის ლურჯი შრიალი, და მაისის მტვერში ატმისფერი სიზმრები. ჩემი ბავშვობა ფერებში იყო. ამოსუნთქული… და დღემდე მათ ვეძახი, როცა ვხატავ…
– პირველი ნახატები…
– პირველი ნახატები ჩემთვის არ იყო უბრალოდ დასაწყისი – ეს იყო შიგნიდან წამოსული ხმა. რომელმაც მითხრა – „დახატე“. ვერ დავხატე ის, ვინც მეძახდა – ვხატე მისი სიჩუმე. ვხატე ის წამი, როცა შიში გადაიქცა ფუნჯად, ხე – მოგონებად, ტილო იქცა ხიდად – ჩემსა და უხილავ ძალას შორის, რომელიც ჩუმად მიამბობდა მაშინ, როცა სიტყვებს ვერ ვპოულობდი! ხიდი, რომელიც არც ფუნჯით აშენებულა და. არც მარჯნის ქვით – უბრალოდ გაჩნდა, როცა ვუსმინე ფერს და ვუპასუხე ხატვით.
პირველი ნახატები ბევრი იყო – ზოგი ტკივილისგან დაიხატა, ზოგი სიხარულმა გამოჭრა ფერებად. ახლა თითქმის ყველა სხვის კედლებზე ცხოვრობს… მხოლოდ ეს ერთი დარჩა ჩემთან – ტილოზე, სადაც მხოლოდ ერთი სიტყვაა ჩაწერილი: „დახატე“.– თავიდან მედიცინა გაინტერესებდათ… შემდეგ ფერწერამ გადაწონა ყველაფერი…
– მედიცინა ოჯახის ხათრით ავირჩიე, ხალათი იყო დაცვა, მაგრამ სიკვდილის სიჩუმემ გამაჩერა, შემდეგ ფერმა სამუდამოდ ამამოძრავა. ტილო გახდა ის ადგილი, სადაც აღარ ვიყავი უძლური.
– ხატავთ ინტუიციით… როგორ მოდის შთაგონება?
– შთაგონება არ მოდის – ის იღვიძებს, როცა მის მოსმენას ვბედავ, ხანდახან ის ნაამბობის და ნანახის გახსენებაა, ხანდახან ის ქარია, ხანდახან – სუნი, ხმა ან სიჩუმე, ხანდახან კი უბრალოდ მზის სხივი ჭურჭელზე. ინტუიცია ჩემთვის არის ის სიღრმე, სადაც აზრი დუმს და გრძნობა ლაპარაკობს. ხატვისას სწორედ იქ ჩავდივარ – იქ, სადაც ფერი წინ არის ფიქრზე.
– ვათვალიერებ Heron Art-ს… პოეტური განწყობა და ფიქრი ერთად მოდის… რომელ მიმდინარეობას მიაკუთვნებდით თავს?
– მე კონკრეტულ მიმდინარეობას არ მივეკუთვნები. უფრო იმ ადგილას ვარ, სადაც ფერები ემოციას ემთხვევა, ხოლო ფუნჯი პოეზიას.
ხშირად ამბობენ, რომ ჩემს ნამუშევრებში იმპრესიონიზმის სუნთქვაა, ხანდახან სიურეალისტურიც, მაგრამ მე ვერცერთს ვერ ვეკუთვნი ბოლომდე – უბრალოდ მივყვები იმას, რაც მოდის, ინტუიციით როგორც სიზმარს. და თუ მაინც საჭიროა ერთ სიტყვაში ჩავსვა – მე ვხატავ იქ, სადაც ფერი ამბობს იმას, რაც ზოგჯერ სიტყვებმა ვერ გაბედეს.
– მხატვარი უნდა იყოს…
– ო,ო… ეს რთული კითხვაა… მხატვარი უნდა იყოს, პირველ რიგში, გულწრფელი. მხატვარი არ ხატავს სათქმელს – ის ფერში ამბობს იმას, რასაც სიტყვა ვერ უძლებს. მხატვარი არ ცდილობს მოსაწონად შექმნას – ის ბრუნდება შიგნით, სადაც ტკივილი, სიხარული, მეხსიერება და ფანტაზია ერთდროულად ებჯინებიან ერთმანეთს. მხატვრისთვის ნახატი არ არის დეკორაცია – ეს არის გამოსახული სუნთქვა. ვფიქრობ, მხატვარი უნდა იყოს ისეთი, ვისაც არ ეშინია გულით ხატვის.
– ერთი ნახატის ისტორია…
– ეს არის ნახატი – ჩემს ნახატებს შორის ყველაზე ჩუმი. გულით გაჩუქებებული. მწერს მფლობელი: მოუხდა შპალერს. ორი წლის შემდეგ: ახალი რემონტი – ვეღარ უხდება და ყველაზე ჩუმი, რომელიც მხოლოდ ფრთხილ სუნთქვას პასუხობს, გდია ურნაში ძველ შპალერთან გადახვეული. არ მწყინს – აღარ ვჩუქნი და. თუ მაინც – ფრთხილად.
– „გადავიტანო ემოციები ფერზე, და დავტოვო მნახველში ხმა“… – და მაინც, ფერებიდან რომელია თქვენეული?
– ჩემი ფერები – ფორთოხლისფერის, წითლის, კადმი ყვითელის, ლიმონის, მარსის, ინდიგოსა და მოხეტიალე ლურჯის ნაზავია – თბილ „საჟასათან“ ერთად შერწყმული. ხშირად ტილოზე ტივტივებს უცხო (ჯერ სახელს ვერ ვარქმევ) – ჩემს შიგნით ჩაგუბებული სიჩუმე, სინანულის ფორმა, რომელსაც სითბო მოჰყვა. ჩუმად ზის ტილოზე…
– ჰობი…
– ჩემი ჰობი ბავშვობიდან იყო წერა, მაგრამ ერთ დღეს, როცა ისე ვერ დავწერე, როგორც მე მინდოდა, კარი ჩუმად მივხურე… ზოგჯერ ახლაც ვწერ ჩემთვის…
– გამოფენები, ჯილდოები… რომელ გამოფენაზე ისაუბრებდით…
– ჯგუფური გამოფენები, ჯილდოები საქართველოში და საზღვარგარეთ (პერსონალური არ მქონია). გამოყოფა რთულია – ყველას სიხარული, ურთიერთგაცნობა მოაქვს, მაგრამ მაინც ამოტივტივდა არა გამოფენა – პოეზიის საღამო, ჩემს ნამუშევრებთან ერთად… ზღვა სიყვარული. ამეტირა. ცას ვუყურებ – ჩემი „ნეკერა“ ჩემი პოეტესა გოგო, მზესავით თბილი ახლა ციდან გალობს.
– ამჟამად მუშაობთ…
– საგამოფენო ნამუშევრებზე, თუმცა ბევრი მაქვს ჩემს სამალავში მტვერში შეყრილი. ჯერაც მზის შუქი არ უნახავთ. რაღაც ახალიც მინდა. მუშაობს გონება. ჯერ არა ფუნჯი აწყობს, ანაკუწებს, შლის, მერე ერთად კრავს. ისვრის ტილოზე, მაგრამ ხშირად, როცა ახალ ტილოს უკვე ფუნჯით ვიწყებ, მოდის ვინმე ახლობელი ან ახლობლის ახლობელი და უარს ვერ ვუბედავ… და ასე, საგამოფენო ნამუშევრები ხშირად მეცლება ხელიდან.
– გეგმები….
– არ მიყვარს გეგმები. ყველა გეგმა სასიცოცხლო ენერგიას მართმევს, ფერს კლავს, ადუმებს. უგეგმოდ ვცხოვრობ!
თამარ შაიშმელაშვილი