საფრანგეთის შს მინისტრი – საფრანგეთის ციხეზე თავდასხმების უკან, სავარაუდოდ, ნარკოტიკებით მოვაჭრეები დგანან
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრუნო რეტაიომ განაცხადა, რომ საფრანგეთის ციხეებზე თავდასხმების უპრეცედენტო ტალღის უკან, სავარაუდოდ, ნარკორეალიზატორები იდგნენ,- ამის შესახებ “როიტერი” წერს.
„სავარაუდოდ, ამის უკან ნარკოტიკებით მოვაჭრე ნაძირალები დგანან. ეს ერთ-ერთი ყველაზე სარწმუნო სავარაუდო სცენარია“, – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მისივე განცხადებით, დაკავებულია 1 ადამიანი, თუმცა ნაადრევია იმის თქმა, არის თუ არა ის მომხდარ თავდასხმებთან კავშირში.
ამ კვირაში, სულ მცირე, ცხრა ციხესა და მასთან დაკავშირებულ დაწესებულებაზე თავდასხმები განხორციელდა. მომხდარს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა, ვინც ციხის თანამშრომლების დაშინებას შეეცდება, დაისჯება.