შინაგან საქმეთა მინისტრმა ბათუმში დაცვის პოლიციის ახალი შენობა გახსნა – ვიდეო

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გურამ ტომარაძემ აჭარის რეგიონში, ბათუმში დაცვის პოლიციის ახალი შენობა გახსნეს.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთსართულიან, თანამედროვე სტანდარტების, უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილ შენობაში შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ბათუმის ბულვარის უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლები განთავსდებიან. გიორგი მღებრიშვილმა შენობა და ინფრასტრუქტურა პირადად დაათვალიერა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, აჭარაში ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ვიზიტორებისა და დამსვენებლების უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს. აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს „ბათუმის ბულვარის“ დაცვის განყოფილების ახალ ადმინისტრაციულ შენობაში თანამშრომლებისთვის ყველა სამუშაო პირობაა შექმნილი. ეს უკვე მეხუთე ახალი შენობაა, რომელიც დაცვის პოლიციამ, ბაკურიანის, ურეკის, გუდაურის და თბილისის (საბურთალო) შემდეგ, ბათუმში გახსნა.
პოლიციელთათვის სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ახალი შენობა-ნაგებობების მშენებლობა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები წელს აქტიურად გაგრძელდება. უახლოეს მომავალში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაცვის პოლიციის 20-მდე შენობის რეაბილიტაცია და თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები