პოლიტიკური მართლმსაჯულება აშშ-ში – ტრამპი ფიქრობს, რომ ბაიდენის და სხვა შეწყალებულების მიმართ საქმეები გამოძიებული უნდა იყოს

სასაცილო ან, შესაძლოა, სამწუხაროა, რომ ჯო ბაიდენმა საკუთარი თავიც არ შეიწყალა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც “პოლიტიკო” წერს, ტრამპი ფიქრობს, რომ ბაიდენის და სხვა შეწყალებულების მიმართ საქმეები გამოძიებული უნდა იყოს.

ტრამპმა არ დააკონკრეტა, თუ რა დანაშაულები შეიძლება ჩაედინა ყოფილ პრეზიდენტს, მან აღნიშნა, რომ მისმა წინამორბედმა უნდა გაუძლოს იმ სახის იურიდიულ შემოწმებას, რომელიც მან გადაიტანა ხელახლა არჩევამდე.

„მე ოთხი წელი ჯოჯოხეთი გამოვიარე ამ ნაძირალებთან, რომლებთანაც გვქონდა საქმე. მე დავხარჯე მილიონობით დოლარი იურიდიული მოსაკრებლები და გავიმარჯვე“,- აღნიშნა ტრამპმა.

პრეზიდენტმა გააკრიტიკა ბაიდენი მისი ოჯახის რამდენიმე წევრის, ასევე პოლიტიკური მოკავშირის შეწყალების გამო და აღნიშნა, რომ გამორჩა ერთი ადამიანი, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა არ შეიწყალა.

„სასაცილო, შესაძლოა, სამწუხარო ის არის, რომ მან თავი არ შეიწყალა“, – თქვა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ ტრამპის მიმართ გამოძიება მიმდინარეობდა 2020 წლის არჩევნების შედეგების დამხობის მცდელობისთვის და საიდუმლო დოკუმენტების დაბრუნებაზე უარის თქმის გამო.

ტრამპი უფრო ღია აღმოჩნდა, როდესაც ჰკითხეს, დაავალებდა თუ არა თავის გენერალურ პროკურორს, პემ ბონდს, გამოიძიოს ბაიდენი და მისი ბოლო წუთების შეწყალების საქმეები.

„ის ხალხი, ვინც მან შეიწყალა, ახლა უფლებამოსილია, რადგან მათ მიიღეს შეწყალება“, – თქვა ტრამპმა ბაიდენის ოჯახის წევრების, ენტონი ფაუჩისა და ათეულობით ადამიანის შესახებ.

როგორც “პოლიტიკო” წერს, ტრამპის სამართლებრივი პრობლემები არ იყო ერთადერთი “ძველი ჭრილობა”, რომელიც მას ჯერ კიდევ ეჭირა მეგობრულ-კონსერვატიული ინტერვიუს დროს.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 1500-ზე მეტი თავისი მხარდამჭერი შეიწყალა. მათ 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმაში მონაწილეობისას განსხვავებული დანაშაულები ედებოდათ ბრალად. მათ შორის პოლიციელების შეურაცხყოფა. პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილება პირველივე დღეს გამოიყენა. ეს იუსტიციის დეპარტამენტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გამოძიება იყო.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრის ზიანი არის ის შედეგი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა.

ტრამპმა ინტერვიუს სროს ასევე აღნიშნა, რომ მისი პირველი საშინაო მოგზაურობის დროს მოინახულებს ადგილს, რათა გამოიკვლიოს ტყის ხანძრისგან მიყენებული ზიანი. მან გააკრიტიკა კალიფორნიის წყლის პოლიტიკა და ტყეების არასწორი მართვა.

„არ ვფიქრობ, რომ კალიფორნიას არაფერი უნდა მივცეთ მანამ, სანამ ისინი წყალს არ დაუშვებენ“, – თქვა პრეზიდენტმა და მიუთითა მცდარ წარმოდგენაზე, თუ როგორ ხდება წვიმისა და თოვლის დნობის მართვა შტატში.

კითხვაზე, შეხვდებოდა თუ არა ის კალიფორნიის გუბერნატორ გევინ ნიუსომს მოგზაურობის დროს, რომელთანაც ტრამპი ხშირად ჩხუბობდა მისი პირველი პრეზიდენტობის ვადის განმავლობაში, ტრამპმა თქვა, რომ “ამაზე არც კი უფიქრია”.

ამასთან, დონალდ ტრამპმა იმ წერილზე ისაუბრა, რომელიც ოვალური ოფისის სამუშაო მაგიდის უჯრაში ნახა და აღნიშნა, რომ ჩანაწერი “კარგი იყო” და ის აფასებს ჯო ბაიდენის ჟესტს.

ტრამპმა ასევე გაამხილა, რომ მან ბაიდენის მისთვის დატოვებული წერილი Fox News-ის კორესპონდენტს პიტერ დუსის გადასცა.

მანამდე, წერილის შინაარსის შესახებ ჰკითხეს ჯო ბაიდენს, თუმცა მან აღნიშნა, რომ ეს ტრამპსა და მას შორის დარჩებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები