მექსიკაში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი მექსიკის სანაპირო შტატ ჩიაპასში მდებარე ქალაქ აკილეს სერდანიდან სამხრეთ-დასავლეთით 48 კილომეტრში იყო.
როგორც ცნობილია, მიწისძვრამ სანაპირო ზოლში საშუალო და ძლიერი რყევები გამოიწვია.
წყნარი ოკეანის ცუნამის გამაფრთხილებელმა ცენტრმა (PTWC) განაცხადა, რომ ეპიცენტრიდან 300 კილომეტრის რადიუსში საშიში ცუნამის ტალღები იყო მოსალოდნელი. გვატემალამ მოქცევის დონიდან ერთ მეტრზე ნაკლები სიმაღლის რამდენიმე ცუნამი დააფიქსირა, თუმცა განაცხადა, რომ საფრთხე დაბალი იყო. PTWC-მ მოგვიანებით თქვა, რომ საფრთხემ გადაიარა.
მექსიკის საზღვაო ძალების მდივანმა, რაიმუნდო პედრო მორალეს ანხელესმა განაცხადა, რომ მიწისძვრის შემდეგ ქვეყანაში „არანაირი პრობლემა“ არ ყოფილა.
„სერიოზული ზიანი არ არის. საზღვაო პირობებთან დაკავშირებით, მიწისძვრის გამო ზოგიერთ პლაჟზე წყლის დონე, სავარაუდოდ, ნახევარ მეტრამდე გაიზრდება. საზოგადოებას ურჩევენ, რომ ამ დროისთვის პლაჟებს მოერიდონ“, – აღნიშნა მორალეს ანჯელესმა პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმის ყოველდღიური დილის პრესკონფერენციის დასასრულს.
მექსიკის მთავრობის ცნობით, ამ დროისთვის დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ არის.
შტატის სამოქალაქო დაცვის სამსახურის ცნობით, ჩიაპასში სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა. ხელისუფლებამ გაზის გაჟონვის და კედლების ჩამონგრევის, ჭერის პანელების მოწყვეტის, ბზარების და სხვა მცირე სტრუქტურული დაზიანებების შესახებ ინფორმაცია დააფიქსირა.