ადვოკატი ლამარა კობალაძე ბესო ხარძიანის ნაამბობს იხსენებს: პატიმარი რამიშვილი იმყოფებოდა ციხის უფროსის კაბინეტში, სადაც ყველას თანდასწრებით დათა ახალაიამ დაურეკა უდესიანს და იკითხა, წილები თუ გადაფორმდა, როგორც ჩანს, უარყოფითი პასუხი მიიღო, ამიტომ მოუბრუნდა პატიმარს და უთხრა, ხარძიანი ისეთ მდგომარეობაში ჩააყენეთ, წილები გადააფორმოსო

“სცემდნენ აბსურდული მიზეზით, ბესოს ჩვენებაა, რომ შეურაცხყოფის ფაქტს ესწრებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვინმე ვიქტორ ჭეიშვილი, რომელიც დირექტორის მოადგილე გახლდათ”, – ამის შესახებ, ბიზნესმენ ბესო ხარძიანის ადვოკატმა, ლამარა კობალაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

კობალაძე იხსენებს ხარძიანის ჩვენებას, სადაც ის საუბრობს მის თანასაკნელ ,ოლეგ რამიშვილზე, რომელიც გაიყვანეს ციხის უფროსის კაბინეტში, სადაც მას დახვდნენ კუდ-ის მაღალჩინოსნები, დათა ახალაია და სოსო თოფურიძე. მისივე თქმით, ახალაიას მიერ გიორგი უდესიანთან განხორციელებული ზარის შემდეგ, რამიშვილს დაავალეს, ბესო ხარძიანი ისეთ მდგომარეობამდე მიეყვანათ, რომ მას წილები გადაეფორმებინა.

„ბესო ხარძიანმა განმარტა, რომ მასთან ერთად საკანში ჩასვეს ვინმე ოლეგ რამიშვილი რომელმაც შესვლისთანავე დაიწყო ბესოს მიმართ ძალადობა, მას აღვიძებდა მძინარეს, იყო შემთხვევა, რომ თავში ბოთლი ჩაარტყა მძინარეს და გარდა ამისა, ის ე.წ. „ნასედკა“ იყო, რომელიც იმ პერიოდისთვის უცხო არ გახლდათ და გაჰქონდა ამბები. ბესარიონ ხარძიანი განმარტავდა, რომ ხვდებოდა, რაშიც იყო საქმე და თვითონ ამბობდა, რომ შეუთვალა თავის ძმას, გაერკვია მის პარტნიორთან, რაშია საქმე, რა შეიძლება ამ ამბიდან გამოვიდეს.
იყო ერთი დღე, როდესაც საკნიდან გაიყვანეს ოლეგ რამიშვილი და იგი დაბრუნდა გაფითრებულიო და მითხრა, რომ ის იმყოფებოდა ციხის უფროსის კაბინეტში, სადაც იყვნენ დათა ახალაია, რომელიც კუდ-ის უფროსის თანამდებობას იკავებდა და სასამართლო გადაწყვეტილებაში მოხსენიებულია როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის [ბაჩო ახალაია] ძმა და სოსო თოფურიძე, რომელიც გახლდათ კუდ-ის უფროსის მოადგილე. ეს ადამიანები წარმოადგენდნენ საზოგადოებისთვის ცნობილ პირებს. ყველას თანდასწრებით დათა ახალაიამ დაურეკა გიორგი უდესიანს, რომელიც იყო ბესარიონ ხარძიანის პარტნიორი და იკითხა, რომ წილები გადაფორმდა? როგორც ჩანს, უარყოფითი პასუხი მიიღო, ამიტომ მოუბრუნდა პატიმარს და უთხრა, რომ ბესარიონ ხარძიანი ისეთ მდგომარეობაში ჩააყენეთ, წილები გადააფორმოს, თუ საჭირო გახდებოდა, ისე უნდა ეცემათ, რომ გონება დაეკარგა და გაეუპატიურებინათ. ბატონი ბესო ბრძანებდა, რომ ამ ინფორმაციის შემდეგ ჩემთვის ცხადი გახდა, რომ წილების გადაფორმების გარეშე ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდაო.“ – აღნიშნა ლამარა კობალაძემ.

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ბესო ხარძიანის საქმე განიხილებოდა. ამ საქმესთან დაკავშირებით, ბიზნესმენის შვილს, ბესო ხარძიანს, გიორგი უდესიანის დის ქმარს, მსჯავრდებულ ,ზაზა გუგავას და უდესიანის მიერ , ხარძიანთან ციხეში მიგზავნილ ადვოკატს, დავით კვაჭანტირაძეს მოუსმინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები