ბახმაროში სახლებს შორის ვსრიალებდით, რაც არასდროს გაგვიკეთებია, იაპონიაში ძალიან კარგი და უხვი თოვლი მოდის, მაგრამ ბახმაროს ვერაფერი შეედრება, სუპერ უნიკალურია – იაპონელი ინფლუენსერები საქართველოს სამთო კურორტებს გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იაპონიიდან ჟურნალისტებს, ბლოგერებს, ფოტოგრაფებსა და მოთხილამურე ინფლუენსერებს უმასპინძლა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრესტურის მონაწილეები ესტუმრნენ ბახმაროს, სადაც სამთო კურორტის პოტენციალს გაეცნენ. გურიის შემდეგ, 6 კაციანი ჯგუფი სვანეთს ეწვია. იაპონური მედიის წარმომადგენლებმა ჰაწვალისა და თეთნულდი სამთო ტრასები დაათვალიერეს, გაეცნენ ტურისტულ ინფრასტრუქტურას, სვანეთის კულტურასა და სამზარეულოს.

„ჩვენ მოვიარეთ ბახმარო და სვანეთი, ძალიან მოგვეწონა სრიალი, საოცარი შთაბეჭდილებები მივიღეთ, იაპონიაში არსადაა მსგავსი ადგილი, სადაც ასეთ გამოცდილებას მიიღებ. ვფიქრობ, იაპონელები უნდა ეწვიონ საქართველოს და ისრიალონ“, -ამბობს ტურის მონაწილე ტაკაჰირო იამა.

„ბახმაროც და მესტიაც უნიკალური ადგილებია, ბახმაროში სახლებს შორის ვსრიალებდით, რაც არასდროს გაგვიკეთებია, იაპონიაში ძალიან კარგი და უხვი თოვლი მოდის, მაგრამ ბახმაროს ვერაფერი შეედრება, სუპერ უნიკალურია, სვანეთში ვეწვიეთ დიდ სამთო კურორტს, რომელიც ძალიან მოგვეწონა, ჩვენ გავეცანით ქართულ კულტურას, სამზარეულოს. საქართველო ძალიან გამორჩეულია ჩვენთვის“, – განაცხადა გენკიმ, ტურის მონაწილემ.

მედია ტურის ფარგლებში, იაპონური ტელევიზიებისთვის საქართველოს შესახებ სიუჟეტები მომზადდება, სოციალურ ქსელებში კი, საქართველოს ზამთრის კურორტებზე სთორები, ფოტოები და რილსები გავრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები