ჭავჭავაძის გამზირზე, ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ გელა უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მახარობლიძემ მიიღო.
პროკურორ – გია შაიშმელაშვილის განმარტებით, გელა უძილაურმა 14-ჯერ გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან ლევან ჯანგველაძისა და მისი პირადი მძღოლის, გია ჩადუნელის მიმართ.
მისივე თქმით, უძილაური წარსულში ძალადობრივი ქმედებისთვისაა ნასამართლევი და მის მიმართ პირობითი მსჯავრი იყო გამოყენებული.
ადვოკატის, მარიამ ტაბატაძის თქმით, უძილაურის მხრიდან ახალი დანაშაულის, მტკიცებულებების ჩადენისა და მიმალვის საფრთხეები არ არსებობს.
შეგახსენებთ, შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.
უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა – ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს, გია ჩადუნელს. შედეგად, ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.