სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს
სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს.
მმართველმა გუნდმა პარლამენტში წარადგინა პროექტი, რომლის მიხედვით, სახალხო დამცველსა და აპარატის თანამშრომლებზე “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები, მათ შორის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სხეულის დაზიანებასთან, ან დაღუპვასთან დაკავშირებული სოციალური დაცვის გარანტიები გავრცელდება.
“სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სტანდარტების ამაღლების, მათი დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
აღნიშნული მისიის შესრულების პროცესში, მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შემხებლობა აქვთ არაერთ სამართლებრივ და სოციალურ დავებთან, უშუალო კომუნიკაციაში არიან, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებთან, ხშირად მუშაობენ ემოციურად მძიმე თემებზე, პერიოდულად უწევთ ვიზიტი და ყოფნა ისეთ ინსტიტუციებში, სადაც შესაძლოა არსებობდეს საფრთხე არა მხოლოდ მათი ჯანმრთელობისთვის, არამედ სიცოცხლისთვისაც კი.
ყოველივე აღნიშნული, რა თქმა უნდა, ზრდის მათი ფსიქოლოგიური სტრესის, ფიზიკურ გადატვირთვის, პროფესიული გადაწვისა და ჯანმრთელობის დაზიანების რისკებს.
სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ის პირები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, თავად არ განიცდიდნენ შრომით, სოციალურ და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ქმნის მათი დამატებითი დაცვის მექანიზმებს. ასეთ მექანიზმებს კი წარმოადგენს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სხეულის დაზიანებასთან ან დაღუპვასთან დაკავშირებული სოციალური დაცვის გარანტიები და სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევა, რისი არსებობაც უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული რისკების შემცირებას.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის სოციალური დაცვის გარანტიების, მათ შორის, სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევის შემოღება ხელს შეუწყობს მათი მოტივაციისა და ჩართულობის ზრდას, რაც პირდაპირ აისახება მათი მუშაობის ხარისხზე და შედეგებზე. როდესაც თანამშრომლებს ეცოდინებათ, რომ მათ აქვთ მაღალი ხარისხის სოციალური დაცვის მექანიზმები, უზრუნველყოფილია მათი სოციალური დაცვა, კეთილდღეობა, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება და სხვა დახმარება, ისინი ნაკლებად განიცდიან მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სტრესს, უფრო მეტად კონცენტრირდებიან თავიანთ საქმიანობაზე, უფრო ეფექტიანად გაართმევენ თავს ისეთ სიტუაციებს, რომლებიც მათივე ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ემუქრება, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან სამუშაოს და მაქსიმალურად გამოავლენენ ისედაც მაღალ პროფესიონალიზმს, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება მათივე საქმიანობის შედეგებზე და ხელს შეუწყობს სახალხო დამცველის აპარატის ეფექტიანობის ზრდას“, – წერია კანონის პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.