ნინო ლაცაბიძე: რუსთავში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა და მერიის გუნდი აქცენტს სწორედ ამ მიმართულებით ვაკეთებთ

რუსთავში, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი – მოდებაძის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე პროექტის მიმდინარეობას, საქართველოს პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის დელეგატ ირაკლი შატაკიშვილთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო.

სატრანსპორტო კუთხით ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული გზის – მოდებაძის ქუჩის სარეაბილიტაციო ტერიტორია 32 000 კვადრატული მეტრია.

ნინო ლაცაბიძის თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ რუსთავში არსებული ერთ-ერთი მთავარი და დატვირთული სატრანსპორტო კვანძი სრულად მოწესრიგდება.

,,რუსთავში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა და მერიის გუნდი აქცენტს, სწორედ ამ მიმართულებით ვაკეთებთ. მოსახლეობის მოთხოვნით, ჩვენ დავიწყეთ მასშტაბური პროექტი, რომელიც მოდებაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ამ პროექტის დასრულების შემდეგ სრულად მოწესრიგდება რუსთავში არსებული ერთ-ერთი მთავარი და დატვირთული სატრანსპორტო კვანძი”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

მოდებაძის ქუჩაზე საავტომობილო გზა 21 000 კვადრატულ მეტრზე განახლდება. ექსპლუატაციის ვადის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით კი ასფალტის სამფენიანი საფარი მოეწყობა.

შატაკიშვილის თქმით, რუსთავში მეტი პროექტის განხორციელებისთვის ყველაფერი გაკეთდება.

,,რუსთავში მოსახლეობასთან შეთანხმებით, დღეისათვის რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი და მათ შორისაა მოდებაძის ქუჩაც. აღნიშნულ ქუჩაზე სრულად განახლდება როგორც გზის საფარი, ასევე მოეწყობა მწვანე ზონები, გარე განათება, ტროტუარები, ველობილიკები და სარწყავი სისტემა. ჩვენ ასევე აქტიურად ვაგრძელებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო კოორდინაციასა და თანამშრომლობას, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი პროექტი განხორციელდეს რუსთავში”, – განაცხადა პარლამენტარმა ირაკლი შატაკიშვილმა.

პროექტის თანახმად მოდებაძის ქუჩაზე ველო ბილიკების, მწვანე არეალების, სარწყავი და სანიაღვრე ქსელის, ახალი გარე განათების სისტემის მოწყობაა გათვალისწინებული, დამონტაჟდება გარე განათების 70 ახალი ბოძი, 6 ლოკაციაზე დამონტაჟდება ტრანსპორტის მოსაცდელები, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და დასასვენებელი სივრცეები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები