ილია ინჯია: სააკაშვილის მიმართ გამოტანილი მორიგი განაჩენი არის საქართველოს ისტორიაში სამართლის აღსრულების კიდევ ერთი უპრეცედენტო მაგალითი

პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები” წევრი ილია ინჯია საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.

„მიხეილ სააკაშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი მორიგი განაჩენი 9 წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ, არის სამართლის აღსრულების კიდევ ერთი უპრეცედენტო მაგალითი საქართველოს ისტორიაში და იმის დასტური, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები და პოლიტიკური ლიდერები არ თავისუფლდებიან პასუხისმგებლობებისგან.

დღეს, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოში, რომელიც დემოკრატიისა და ქვეყნის განვითარებისკენ ისწრაფვის, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემა აბსოლუტურად თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან.

2003-2012 წლების რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირები ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადიოდნენ სისტემურ დანაშაულს, რაზეც ქართველმა ხალხმა არაერთხელ სამართლიანი და ლოგიკური პასუხი გასცა.

დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაში არასდროს არ მოხდება „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში და ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნება“, – წერს ინჯია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები