მახაშვილი – სააკაშვილის საქმეზე: იმ ადამიანმა, რომელიც თავის დროზე ხელისუფლებაში კორუფციის დამარცხების ეგიდით მოვიდა, საქმე ხალხის ფულის ჭამით დაასრულა
“ოპოზიციას თუ მოუსმენ, მათი შეფასებით, ყველაფერი ოპოზიციის დევნაა, მაგრამ ფაქტია, დღეს კიდევ ერთხელ სასამართლოთიც დადასტურდა, რომ იმ ადამიანმა, რომელიც თავის დროზე ხელისუფლებაში კორუფციის დამარცხების ეგიდით მოვიდა, საქმე ხალხის ფულის ჭამით დაასრულა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
ის მიხეილ სააკაშვილისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთის საკითხს გამოეხმაურა.
„ჩვენ რაც ვნახეთ, არის 9 მილიონის, ხალხის ფულის გაფლანგვა, ხალხის ფულის ჭამა. ეს არის და ეს. ფაქტია, სასამართლოზე დადასტურდა, რომ 9 მილიონი, ხალხის ფული იყო გაფლანგული ისეთ საკითხებზე, რომელიც საერთოდ არაფერ შუაში არ იყო, არც მის წარმომადგენლობასთან, არც რაიმე ტიპის სახელმწიფო უფლებამოსილების განხორციელებასთან. თანხები პირდაპირ იხარჯებოდა მის გახდომაზე, მისი თმის მოვლაში და ა.შ. საზოგადოებამ კარგად ნახა ეს, სასამართლო პროცესები საჯარო იყო და დეტალები ვნახეთ. მე ამ საქმეს შევაფასებდი ხალხის ფულის ჭამის საქმედ“, – განაცხადა მახაშვილმა.