მაკა ბოჭორიშვილი: გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ სწრაფვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა

,,ოცდაათი წელი გავიდა ბეიჯინგის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის მიღებიდან, რომელიც მართლაც რომ გარდამტეხ მოვლენას წარმოადგენს და ქმნის საფუძველს ქალებისა და გოგონების უფლებათა რეალიზებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიმა, მაკა ბოჭორიშვილმა ნიუ იორკში გაერო-ს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ სწრაფვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

,,გასულ წელს საქართველომ წარადგინა ანგარიში ეროვნულ დონეზე საქმიანობის შეფასების მიზნით გამართულ შეხვედრაზე – „ბეიჯინგ +30“, რაც მკაფიოდ ადასტურებს ჩვენს მზაობას შევასრულოთ გლობალური შეფასების პროცესის ფარგლებში დასახული ამოცანები. ქალბატონებო და ბატონებო, გლობალური გამოწვევების ფონზე, უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ მშვიდობის მნიშვნელობა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის ძირითადი წინაპირობაა. კონფლიქტები კვლავ ახდენს ზემოქმედებას ქალებსა და გოგონებზე, რომლებსაც ხშირად უწევთ ძალადობასთან, იძულებითი გადაადგილებასა და ეკონომიკურ სიდუხჭირესთან გამკლავება. გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ სწრაფვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. სამწუხაროდ, ჩემი ქვეყანა არ არის დაცული უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევებისგან. როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები ადასტურებს, რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას და ინარჩუნებს ეფექტურ კონტროლს ადგილზე, სადაც, საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის პირობებში, სიტუაცია კვლავ შემაშფოთებელია. აქვე, ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელება და შესაბამის ფორმატებში ქალთა სრულფასოვანი მონაწილეობა. გარდა ამისა, საქართველო 2012 წლიდან რეგულარულად ამტკიცებს ეროვნულ სამოქმედო გეგმებს (NAP). ქალბატონებო და ბატონებო, ეკონომიკურ განვითარებას საკვანძო მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ქმნის რესურსებს, სამუშაო ადგილებს, სერვისებს, რაც ადამიანის უფლებათა რეალიზაციისთვის აუცილებელი წინაპირობაა. ეკონომიკური განვითარების კუთხით, ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ზედიზედ 10 წელია, რაც ბიზნესის კეთების სიმარტივის, საინვესტიციო მიმზიდველობისა და სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით, საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა, რომელიც ორიენტირებულია სამუშაო რესურსებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ასევე უფრო თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების მიმართულებით. ქალთა და გოგონათა უფლებების სათანადო რეალიზებისადმი საქართველოს მხარდაჭერა აშკარაა, კერძოდ, როდესაც საქმე ეხება მეწარმე ქალთა ხელშეწყობას, ფინანსური დახმარების ინსტრუმენტებზე ქალთა მუდმივი წვდომის უზრუნველყოფასა და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. გვჯერა, რომ ძლიერი და განათლებული ქალები, რომლებსაც გააჩნიათ სათანადო ცოდნა, უნარები და თავდაჯერება, ხელს უწყობენ ოჯახების კეთილდღეობას და მომავალ თაობას უკეთეს პერსპექტივას სთავაზობენ. თქვენო აღმატებულებებო, შეუძლებელია თანასწორობის მიღწევა, ვიდრე თითოეული ქალი თავს არ გრძნობს დაცულად. ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემად. საქართველო აქტიურად უმკლავდება ამ გამოწვევას საკანონმდებლო რეფორმების, ინსტიტუტების გაძლიერებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით. ჩვენ გავაკეთეთ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება და რეგულარულად ვახორციელებთ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დაცვის სფეროში ეროვნული სამოქმედო გეგმებს. მაგრამ ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი, ჯერ კიდევ დუმს ძალადობის შესახებ. სწორედ ამიტომ, ამ თემაზე ჩვენ უნდა ვისაუბროთ ხმამაღლა. გამოსვლის დასასრულს, ნება მომეცით მადლობა გადავუხადო ბიუროს პატივცემულ წევრებს მათ მიერ გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, რომლის წყალობითაც შედგა წლევანდელი მნიშვნელოვანი სესია”,- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები