ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთიდან დროებით დევნილი მრავალშვილიანი დედები დააჯილდოვა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით, მრავალშვილიანი დედების მხარდასაჭერად, ღონისძიება „ქალი XXI საუკუნეში“ გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორ ანი კიტიასთან და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, აფხაზეთიდან დროებით დევნილი, მრავალშვილიანი, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ქალბატონები დააჯილდოვა.
მთავრობის თავმჯდომარემ, სიტყვით გამოსვლისას, საზოგადოებაში ქალთა როლის გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და ძლიერი, წარმატებული მრავალშვილიანი დედების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩემთვის ძალიან კარგად არის ნაცნობი ის გამოწვევები, რაც დღეს მრავალშვილიან ოჯახებშია, რადგან მე თავად მრავალშვილიანი მამა ვარ. უდიდესი პატივისცემა მინდა გამოვხატო მრავალშვილიანი ოჯახების, განსაკუთრებით კი დედების მიმართ. მათ ხელშია ჩვენი მომავალი თაობის აღზრდა და ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბება. მრავალშვილიან ოჯახებში გაზრდილი ბავშვები ხშირად მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევიან. განათლება არის ის ფუნდამენტი, რომელზეც უნდა აშენდეს ჩვენი ძლიერი სახელმწიფო, ხოლო განათლებული თაობა არის ჩვენი იმედი იმისა, რომ უახლოეს პერიოდში, მოძმე აფხაზებთან ერთად, აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა“, – აღნიშნა ლევან მგალობლიშვილმა.