მამუკა მდინარაძემ განმარტა, რა პროცედურები იქნება საჭირო ნარკოტიკების მოხმარებაზე მოქალაქის შესამოწმებლად

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განმარტა, რა პროცედურები იქნება საჭირო ნარკოტიკების მოხმარებაზე მოქალაქის შესამოწმებლად.

როგორც მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოქალაქეს შესთავაზებენ, რომ პოლიციელმა გადაიყვანოს შემოწმებაზე ან თავად ექნება უფლება, 8 საათის განმავლობაში მივიდეს ნარკოლოგიურ დისპანსერში და 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს ინიციატორ პოლიციის ორგანოს შესაბამისი ცნობა.

უარის შემთხვევაში, არ ნიშნავს, რომ მოქალაქეს უდასტურდება ნარკომოხმარება, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქე საკუთარი ნებით იღებს ადმინისტრაციულ სახდელს, რომელიც იქნება იგივე, რაც არის იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარება.

„თქვენ გახსოვთ ალბათ პერიოდი, როდესაც ადამიანები შემოწმების მიზნით პოლიციას იძულების წესით მიჰყავდათ ნარკოლოგიურში. ასეთი მიდგომა არ იქნება. პიროვნებას, პოლიციელის მხრიდან ექნება შეთავაზება, რომ პოლიციელი გადაიყვანს შემოწმებაზე ან თავად ექნება უფლება 8 საათის განმავლობაში მივიდეს ნარკოლოგიურ დისპანსერში, გაიაროს შემოწმება თავად და 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს ინიციატორ პოლიციის ორგანოს შესაბამისი ცნობა.

აქ საყურადღებოა ისიც, რომ გარდა იმისა, რომ არანაირი იძულების ფორმა არ იქნება, თუ არ უნდა მოქალაქეს, თავად წავა და თავადვე აიღებს შესაბამის ცნობას. ჩვენ გვახსოვს პერიოდი, როდესაც უარის თქმა ნიშნავდა იმას, რომ ავტომატურად ეს ადამიანი ითვლებოდა ნარკომომხმარებლად. ეს არ იყო სწორი მიდგომა. უარის თქმა გამოიწვევს ცალკე ადმინისტრაციულ სახდელებს, ოღონდ იმავე სახის. თუ უარს განაცხადებთ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ გიდასტურდებათ ნარკომოხმარება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ საკუთარი ნებით იღებთ ადმინისტრაციულ სახდელს, ოღონდ ეს სახდელი იქნება იგივე, რაც იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარება“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები