მამუკა მდინარაძე: ნარკოტიკების გაყიიდვა გაუტოლდება მკვლელობას და მცირე ოდენობით გაყიდვისთვისაც კი იქნება 12-დან 20-წლამდე და უვადო თავისუფლების აღკვეთა
თუკი პირს დაუდასტურდება, რომ ჰყიდის ნარკოტიკს, სასჯელი უფრო გამკაცრდება და მცირე ოდენობით გაყიდვისთვისაც კი იქნება 12-დან 20 წლამდე და უვადო თავისუფლების აღკვეთა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, სასჯელი გაუტოლდება მკვლელობას, რადგან ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ნარკოტიკული საშუალების გაყიდვით ადამიანი განგრძობითად ბევრ ადამიანს კლავს.
„მარიხუანას გამკაცრება ეხება გაყიდვის მიმართულებით. გასაღებად აქამდე ითვლებოდა ყველანაირი სახის გადაცემა, ჩვენ კი შემოვიტანეთ გაყიდვის ცნება. შეგვიძლია ჩვენ მეორე ან პირველი მოსმენის დროსაც შევცვალოთ რაიმე, თუ იქნება შენიშვნა. შეიძლება ჩავწეროთ მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით გადაცემა, ან შეიძლება სხვა ფორმით, სხვა სიტყვებით იყოს, მაგრამ ყველა შემთხვევაში გულისხმობს რეალიზაციას და გარკვეული თანხის, ანაზღაურების მიღებას, რა სიტყვით გამოხატავთ ამას, არ აქვს მნიშვნელობა.
ზოგადი გასაღება ნიშნავს, რომ ნარკოტიკი ერთმა ადამიანმა მეორეს გადასცა უბრალოდ, აჩუქა. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც მეგობრები ერთმანეთს გაუყოფენ ნარკოტიკს და ესეც გასაღებაა. საკმაოდ მძიმე სასჯელი იყო ამაზე და რჩება ეს მძიმე სასჯელი, მაგრამ თუკი პირს დაუდასტურდება, რომ რეალიზება აქვს, ანუ ჰყიდის ნარკოტიკს, არსებული სასჯელები, კიდევ უფრო მკაცრდება და მცირე ოდენობით გაყიდვისთვისაც კი იქნება 12-დან 20-წლამდე და უვადო თავისუფლების აღკვეთა. აღარ მაქვს საუბარი დიდ ოდენობასა და განსაკუთრებით დიდ ოდენობაზე, სადაც 14 და 16 წლიდან დაიწყება სასჯელები.
შეუვალი და მკაცრი იქნება სახელმწიფო, სასჯელი პრაქტიკულად გაუთანაბრდება მკვლელობას იმიტომ, რომ ადამიანი როდესაც ნარკოტიკულ საშუალებას ჰყიდის, დროთა განმავლობაში, განგრძობითად კლავს ბევრ ადამიანს. ამიტომ ეს ჩვენ მიერ განხილულია, როგორც მკვლელობა, ოღონდ მასობრივი და სახელმწიფო ამის მიმართ იქნება შეუწყნარებელი“, – აღნიშნა მდინარაძემ.