“ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს არა თუ ვუსწრებთ, არამედ ახლოსაც ვერ მოვლენ საქართველოს მაჩვენებლებთან – როგორც საერთო სურათთან, ისე მთელ რიგ კომპონენტებთან მიმართებით”, – ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა ეკონომიკის თავისუფლების ინდექსზე საუბრისას, გადაცემაში „იმედის კვირა“ განაცხადა.
„ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებს ძალიან გაუჭირდებათ ცალკეული პარამეტრების, მათ შორის გადასახადებთან მიმართებით, ბიზნესის თავისუფლებასთან მიმართებით, ფისკალურ პოლიტიკასთან მიმართებით და ვაჭრობის თავისუფლებასთან მიმართებაში, რომ საქართველოს კრიტერიუმებთან მოვიდნენ. რაც კიდევ ერთხელ არის შედეგი იმის, რომ საქართველო არ აპირებს ვინმესთან შეჯიბრებას ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველო აპირებს საკუთარი პოლიტიკის განხორციელებას და საკუთარი პოლიტიკის განხორციელებით ვიღებთ სწორედ იმას, რომ ვართ ჯამში ევროპის ოცეულში, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ მთლიანად ევროპის მასშტაბით გავუსწროთ უამრავ ქვეყანა“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.