„ის ფრუსტრაცია აქვთ, რაც თავის თავს თვითონვე დამართეს,“ – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა 4 ოპოზიციური პარტიის შესახებ განაცხადა.
„მათ არ გააჩნიათ პოლიტიკური რესურსი დღეს იმისა, რომ რაიმე არჩევნებში რაიმე სერიოზულ შედეგს მიაღწიონ. თვითონ დაიყენეს თავი ქვეყნის კონსტიტუციური წყობის, დემოკრატიული არჩევნების გარეთ და დღეს წმინდა მორალურად, უჭირთ, რომ აღიარონ, რომ თურმე ამ ქვეყანაში არჩევნები ტარდება და უნდა მივიღოთ ამ არჩევნებში მონაწილეობა. ანუ ის ფრუსტრაცია აქვთ, რაც თავის თავს თვითონვე დამართეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილება, მონაწილეობა არ მიიღონ თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში, რომელიც ოქტომბერში გაიმართება. ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, „გირჩია”.