მაკა ბოჭორიშვილი უზბეკ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს პრემიერ-მინსტრის უზბეკეთში ვიზიტის ფარგლებში უზბეკ კოლეგას, ბახტიორ საიდოვს შეხვდა, – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის შემდგომი განვითარების გზები განიხილეს.

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის გრძელდება აქტიური თანამშრომლობა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი „შუა დერეფნის“ განვითარების მიმართულებით. მაღალი შეფასება მიეცა საქართველო-უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მუშაობას.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე იმსჯელეს კულტურულ-ჰუმანიტარულ, განათლების, მეცნიერების და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურების შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ტურისტული მიმოსვლის გაძლიერებაზე.

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვეს მშვიდობის ხელშეწყობის მნიშვნელობას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა უზბეკეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

საუბრის დასასრულს, მხარეებმა უზბეკეთ-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები