“ბალტიის ქვეყნები ყველაზე აგრესიულად და უსამართლოდ ექცევიან ჩვენს ქვეყანას და ხელისუფლებას” – ბოჟაძე

“ბალტიის ქვეყნები ყველაზე აგრესიულად და უსამართლოდ ექცევიან ჩვენს ქვეყანას და ხელისუფლებას. ეს განსაკუთრებული აგრესია სწორედ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ დაიწყო და ეს პროცესი გრძელდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

„გავიხსენოთ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათი საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი და შემდეგ მათი საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელების ოპოზიციის მიტინგზე მისვლა. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რაზეც დღეს შალვა პაპუაშვილმაც ისაუბრა. ისინი რეალურ საფრთხედ აღიქვამენ რუსეთს და ფიქრობენ, რომ უკრაინის შემდეგ შეიძლება, რუსეთის სამიზნე სწორედ ბალტიის ქვეყნები იყოს. ამიტომ ცდილობენ, ცეცხლის და ომის ალი მათგან რაც შეიძლება შორს იყოს და რაც უფრო სამწუხაროა, მოიაზრებენ, რომ ეს საქართველოში უნდა მოხდეს. ჩვენ არაერთხელ გავიარეთ რუსეთთან ომი, ის ქარცეცხლი და უბედურება, რაც ომს მოაქვს. სამწუხაროა, რომ ქვეყნები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომამდე გამოირჩეოდნენ ჩვენდამი მეგობრობით და პარტნიორული ურთიერთობებით, ჩვენ ერთად გავიარეთ ის რთული გზა, რასაც საბჭოთა კავშირის ნგრევა ერქვა და საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა, აღმოჩნდა, რომ როგორც კი საფრთხის ქვეშ დადგა მათი სახელმწიფო ინტერესები და უსაფრთხოება, პირველ სამიზნედ საქართველო ამოარჩიეს.

ის სანქციები, რომლებიც ვიხილეთ, ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისკენაა მიმართული. ვინმეს სადმე ჩასვლის უფლება თუ არ მიეცემა, ჩვენს შემთხვევაში ეს არაფერს ცვლის. მინდა ვახსენო ლაშა ტალახაძე, ჩემი სხვა კოლეგები და სხვა ადამიანები, რომლებიც ასევე მიზანმიმართულად იყვნენ ამ სიებში შეყვანილი. სიები, რომლებიც თბილისში რადიკალური ოპოზიციის მიერ იწერება, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ სამივე ქვეყანასთან და ხალხთან ურთიერთობას, ცალმხრივ მეგობრობას, ვიდრე რუსეთ-უკრაინის ომი დამთავრდება და ვიდრე ეს ქვეყნები ჩვენ მიმართ სამართლებრივ დამოკიდებულებას დაუბრუნდებიან“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები