ევროკომისიის პრეზიდენტი – ევროპა მზად არის, მასიურად გაზარდოს თავდაცვის ხარჯები

ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებისა და სამხედრო შესაძლებლობების გაზრდის ახალი გეგმით, შესაძლებელი იქნება 800 მილიარდი ევროს მობილიზება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპა მზად არის, მასიურად გაზარდოს თავდაცვის ხარჯები.

„ჩვენ ვცხოვრობთ ყველაზე გადამწყვეტ და მნიშვნელოვან დროს. არ არის საჭირო, აღვწერო ჩვენს წინაშე არსებული საფრთხეების სერიოზულობა ან გამანადგურებელი შედეგები, რომლებიც დადგება, თუ ეს საფრთხეები ასრულდება, რადგან შეკითხვა აღარ დგას, ემუქრება თუ არა რეალური საფრთხე ევროპის უსაფრთხოებას, ან უნდა აიღოს თუ არა ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე.

სინამდვილეში, ჩვენ დიდი ხანია, ვიცით ამ კითხვებზე პასუხები. რეალური კითხვა ჩვენს წინაშე არის, მზად არის თუ არა ევროპა, იმოქმედოს ისე მტკიცედ, როგორც ამას სიტუაცია მოითხოვს, მზად არის თუ არა ევროპა და აქვს თუ არა უნარი, იმოქმედოს ისე სწრაფად და ამბიციურად, როგორც საჭიროა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მან ევროპელ ლიდერებს „ევროპის გადაიარაღების გეგმა“ წარუდგინა. ეს არის ხუთპუნქტიანი შეთავაზებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის ხელთ არსებული ფინანსური ბერკეტების გამოყენებას, რათა დაეხმაროს წევრ სახელმწიფოებს, სწრაფად და მნიშვნელოვნად გაზარდონ თავდაცვის ხარჯები.

„ევროპა მზად არის, თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა. ევროპის გადაიარაღების გეგმას“ შეუძლია 800 მილიარდ ევრომდე მობილიზება უსაფრთხო და მედეგი ევროპისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ნატო-ში ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო მუშაობას. ეს არის მომენტი ევროპისთვის და ჩვენ მზად ვართ გავაქტიურდეთ“, – თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები