ეროსი მანჯგალაძის 100 წლის იუბილეს ეროვნულმა არქივმა მულტიმედიური ონლაინგამოფენა მიუძღვნა
საქართველოს ეროვნული არქივის ვებგვერდზე მულტიმედიურ ფორმატში წარმოდგენილია ეროსი მანჯგალაძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი საარქივო მასალა: მოგონებები მსახიობის შესახებ, სცენები თეატრალური სპექტაკლებიდან, ფოტოები კინოფილმების გადასაღები მოედნებიდან, ფრაგმენტები კინოსიუჟეტებიდან, ფილმებიდან და სპექტაკლებიდან.
ეროსი მანჯგალაძე 1925 წლის 21 ოქტომბერს (დაბადების ჩანაწერის მიხედვით 3 მარტს) სამტრედიის რაიონის სოფელ ღანირში დაიბადა. იგი 1948 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი და მის სცენაზე 20-ზე მეტ სპექტაკლში ითამაშა. 1959 წლიდან იღებდნენ კინოში. ქართულ მხატვრულ ფილმებში მან 25 პერსონაჟი განასახიერა. დაუვიწყარია მისი როლები სატელევიზიო სპექტაკლებსა და ფილმებშიც. სპორტული კომენტატორობა ეროსი მანჯგალაძის კიდევ ერთი პროფესია იყო. ამ მიმართულების განვითარებაში მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.
გამოფენა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/erosi-manjgaladze-2.