ეკატერინე მიქაბაძემ მსოფლიო ბანკის საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ მსოფლიო ბანკის რიგით მეექვსე საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის დაჯილდოების (BARTA) ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

სებ-ის ინფორმაციით, BARTA-ს ჯილდო მიზნად ისახავს კომპანიების წახალისებას საუკეთესო პრაქტიკების დანერგვის მიმართულებით, რასაც შედეგად უფრო მეტად გამჭვირვალე და კონკურენტული ბიზნესგარემოს შექმნა მოჰყვება.

“გასული წლების მსგავსად, საქართველოს ეროვნული ბანკი წლევანდელი კონკურსის მხარდამჭერი იყო. აღსანიშნავია, რომ წლიდან წლამდე, კონკურსში მონაწილე კომპანიების რაოდენობა და მათი გამჭვირვალობის ხარისხი მუდმივად იზრდება.

როგორც ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა, BARTA-ს დაჯილდოება წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის და კომპანიათა გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი ქმნის ნდობის საფუძველს კაპიტალის ბაზარზე.

„როდესაც კომპანიის ფინანსური და მმართველობის ანგარიშგება კარგად გადმოსცემს კომპანიის ხედვებს, მიზნებს, რისკების შეფასებას, შიდა პოლიტიკას, ეს ზრდის ინვესტორების და მომხმარებლების ნდობას“, – აღნიშნა მან.

ეკატერინე მიქაბაძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელ მსოფლიოში განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს ფინანსური სისტემის მიერ გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხების გათვალისწინება, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი.

„ბოლო წლებში გამოიკვეთა ინტერესი მწვანე, სოციალური, მდგრადობის და მდგრადობასთან დაკავშირებული (GSSS) ობლიგაციების მიმართ, როგორც ემიტენტების, ასევე ინვესტორების მხრიდან. საქართველოში 2023-2024 წლებში აღნიშნული კატეგორიის 8 ობლიგაციების ემისია განხორციელდა, რომლის ჯამური მოცულობა 2024 წლის ბოლოს 590 მილიონ ლარზე მეტს შეადგენდა. განსაკუთრებით მსურს ხაზი გავუსვა იმ პროგრესს, რომელიც ეროვნული ბანკის საზედამხედველო მანდატის ფარგლებში იქნა მიღწეული. 2024 წელს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისთვის ამოქმედდა კორპორაციული მართვის კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც ანგარიშგებების წარდგენასა და გამოქვეყნებას ეხება“, – დასძინა მან.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა დავით აბესაძემ.

BARTA-ს დაჯილდოების წლევანდელ ცერემონიაზე გამარჯვებულები 10 სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდნენ, მათ შორის ერთი ნომინაცია – საუკეთესო დებიუტანტი კომპანია წელს პირველად დაწესდა”, – წერია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები