სპორტის მინისტრმა საქართველოს მშვილდოსან ქალთა ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული ისტორიული წარმატება მიულოცა
საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ საქართველოს მშვილდოსან ქალთა ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული ისტორიული წარმატება მიულოცა.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში მშვილდოსნობის განვითარების შესახებ ისაუბრეს.
“მინისტრმა სპორტსმენებს მხარდაჭერა აღუთქვა და მომავალ ასპარეზობებში გამარჯვებები უსურვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, ფედერაციის პრეზიდენტი სიმონ ნოზაძე და ეროვნული ნაკრების მწვრთნელები.
თურქეთში გამართულ მშვილდოსნობის ევროპის ჩემპიონატზე 18 მეტრზე, დარბაზში, 21-წლამდელთა კატეგორიაში საქართველოს ქალთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა გვანცა არჩვაძის, ნია გათენაძისა და ანა ბოლოკაძის შემადგენლობით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეს ნაკრების მიერ კონტინენტის პირველობაზე მოპოვებული პირველი მედალია.
ქართველი მშვილდოსნები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
მიღწეული წარმატების აღსანიშნავად სპორტსმენებმა ხელი მოაწერეს ეროვნული ნაკრების მაისურს, რომელიც ქართული სპორტის მუზეუმს გადაეცემა”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.