“საქართველოს მთავრობა განუხრელად ახორციელებს მტკიცედ გაცხადებულ სამშვიდობო პოლიტიკას, რომლის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართულებით შერიგებისა და ჩართულობის პროცესის განხორციელება წარმოადგენს” – სახელმწიფო მინისტრის აპარატი
სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეხმიანება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ გამართულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს”, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
როგორც შესაბამის განცხადებაში წერია, მიმდინარე ოკუპაციის ფონზე და იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს ამ დრომდე არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობა, ასევე, უხეშად და სისტემატურად ირღვევა ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ჩატარებული ე.წ. “არჩევნები” ვერ გამოხატავს ხალხის ნებას და, შესაბამისად, მოკლებულია რაიმე სახის სამართლებრივ საფუძველს.
“საქართველოს მთავრობა განუხრელად და თანმიმდევრულად ახორციელებს მტკიცედ გაცხადებულ სამშვიდობო პოლიტიკას, რომლის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას, დეოკუპაციასთან ერთად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართულებით შერიგებისა და ჩართულობის პროცესის განხორციელება და მისი კიდევ უფრო გააქტიურება წარმოადგენს, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად”, – წერია ინფორმაციაში.