ქართველმა სამართალდამცველებმა ინტერპოლით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

   შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1966 წელს დაბადებული, ყალბი პირადობის მოწმობის გამოყენების ბრალდებით თურქეთის მოქალაქე იზზეთ შ. დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა იზზეთ შ. სარფის სასაზღვრო-საკონტროლო გამშვებ პუნქტში იმ დროს დააკავეს, როცა ის ყალბი პირადობის მოწმობით საქართველოდან თურქეთში გასვლას ცდილობდა.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მისი ძმის სახელზე გაცემული ყალბი დოკუმენტების გამოყენებით 2013 წლის 19 ნოემბერს, ასევე უკანონოდ გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი.
გამოძებამ ასევე დაადგინა, რომ იზზეთ შ. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ 2013 წლიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 102/2, 35/2, 102/2, 62, 53/1, 53/3, 109/2, 109/5, 62 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის, რაც გულისხმობს მუქარას, სექსუალური ხასიათის ძალადობას, შანტაჟს და თავისუფლების უკანონო შეზღუდვას“,-აღნიშნულია შს სამინისტროს ინფორმაციაში.
გამოძიება ყალბი პირადობის მოწმობის შეძენა-შენახვის და გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები