ლორენ ბესენი: სვანეთში ფრირაიდის მსოფლიო ტური უმაღლეს დონეზე და უსაფრთხოდ ჩატარდა

“ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო შეჯიბრება, რომელიც ჩაგვიტარებია. ჩვენ  საქართველოში ორი კვირის წინ ჩამოვედით, მაგრამ მსოფლიო ტურის  ჩატარების შესაძლებლობა ამინდის გამო მხოლოდ დღეს მოგვეცა. სვანეთში მაღალ დონეზე იყო დაცული სპორტსმენების უსაფრთხოება, რაც მისასალმებელია. მადლობა საქართველოს გუნდს, რომ შევძელით ღონისძიების უმაღლეს დონეზე და უსაფრთხოდ ჩატარება”, – ასე შეაფასა ფრირაიდის მსოფლიო ტურის უსაფრთხოების დირექტორმა, ლორენ ბესენმა სვანეთში ჩატარებული ფრირაიდის მსოფლიო ტური.ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს” (MTA) ორგანიზებით გაიმართა.

შეჯიბრებაში მსოფლიოს 50 გამორჩეული რაიდერი ასპარეზობდა, მათ შორის, იყო საქართველოს წარმომადგენელი, „ვაილდ ქარდის მფლობელი” ჯაბა სხვედიანი. 

საქართველო, უკვე მეორედ, 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორისაა (კანადა, საფრანგეთი, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია და საქართველო), რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის  ჩატარების უფლება ხვდა წილად. 

საქართველომ, ფრირაიდის მსოფლიო ტურს, პირველად, გასულ წელს უმასპინძლა. შეჯიბრების დამფუძნებლების მხრიდან, ღონისძიება არამხოლოდ წარმატებულად, არამედ ფრირაიდის ისტორიაში, ერთ-ერთ საუკეთესო შეჯიბრებად შეფასდა. შესაბამისად, საქართველო მსოფლიო რუკაზე, როგორც ახალი მიმართულება, კიდევ ერთხელ მონიშნა.  მესტია, მსოფლიოში, ფრირაიდის ახალი მიმართულება გახდა, ხოლო კურორტი თეთნულდი, ფრირაიდის მოყვარულთათვის, პოზიციონირდა როგორც ახალი აღმოსაჩენი ადგილი. 

ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს. ეს სახეობა მსოფლიოში ახალი მიმართულებაა, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციამ (FIS), საკუთარ შემადგენლობაში შეიყვანა და ღონისძიებები მათი ეგიდით ტარდება. 

ფრირაიდის მსოფლიო ტური ჯამურად 300 მლ. (100 TV, 200 Digital) მაყურებელს ფარავს და მნიშვნელოვანია ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის. ღონისძიების მაღალი სტანდარტით ჩატარება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით წარმოაჩენს.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები